გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ სამეგრელო-ზემო სვანეთში განხორციელებული მერძეული მიმართულებით მომუშავე ქალ ფერმერებზე ფოკუსირებული პროექტის შედეგად რძის პროდუქტების წარმოება გაუმჯობესდა. ამის შესახებ ინფორმაციას FAO ავრცელებს.
ოთხწლიანი პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით განხორციელდა და მიზნად ისახავდა რძის პროდუქტების მწარმოებელი ქალი ფერმერების გაძლიერებას.
FAO-ს ინფორმაციით, პროექტის დახურვის ღონისძიებაში მერძეული მიმართულებით მომუშავე ქალი ფერმერები ჩაერთნენ. ყველა მათგანი მონაწილეობას იღებდა FAO-ს ფერმერთა საველე სკოლებში. დასკვნით ღონისძიებას SDC-ისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ პროექტის სხვა დაინტერესებული მხარეები, მათ შორის სოფლის განვითარებისა და სურსათის ეროვნული სააგენტოების, ზუგდიდის მერიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
გასული ოთხი წლის განმავლობაში, FAO-მ 30 ფერმერთა საველე სკოლა დააარსა სამეგრელო-ზემო სვანეთის რვა მუნიციპალიტეტში. აღნიშნულ ფორმატში, 600-ზე მეტმა მერძევე ქალმა ფერმერმა მიიღო ცოდნა რძის პროდუქტების წარმოებისა და ჰიგიენის კარგ პრაქტიკაზე. მათ ასევე შეისწავლეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა ცხოველის ჯანმრთელობა, კვება და კეთილდღეობა, საქართველოს სურსათის უვნებლობის რეგულაციები და პირუტყვის რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის მნიშვნელობა. ამას გარდა, მონაწილეები გაეცნენ გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების საკითხებს, შეიძინეს ბიზნესის მართვისა და ლიდერობის უნარები. აღსანიშნავია, რომ ისინი სათემო აქტივიზმსა და ადვოკატირებაშიც ჩაერთნენ და ხელშესახებ შედეგებს მიაღწიეს საკუთარი თემების კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის. ცოდნის გაზიარებასთან ერთად, მაღალი ხარისხის პროდუქტის ეფექტური წარმოების მხარდასაჭერად, მათ რძისა და რძის პროდუქტის საწარმოო დანადგარები და ხელსაწყოებიც გადაეცათ.
ფერმერთა საველე სკოლების მონაწილეებმა შეისწავლეს ისეთი ძვირად ღირებული ყველის 10 სახეობის მომზადება, როგორებიცაა კაჩოტა და ჰალუმი. პროექტში ჩართულმა ბევრმა ფერმერმა ყველის აღნიშნული სახეობების წარმოება დაიწყო საკუთარი მოხმარებისთვის და გასაყიდად. FAO მათ არტიზანული რძის პროდუქტის მარკეტინგში, ეტიკეტირებასა და ბრენდინგში დაეხმარა.
FAO ასევე აქტიურად მუშაობდა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიასა და პროექტში ჩართულ ფერმერებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობაზე გამოფენებისა თუ სადეგუსტაციო ღონისძიებების ორგანიზებით. აღნიშნულ ფერმერთა ნაწილი უკვე აქტიურად აწვდის ძვირად ღირებული ყველის სახეობებს მაღაზიებს, რესტორნებსა და სასტუმროებს.
“ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველი, რომელსაც ძირითადად ქალები აწარმოებენ და ამ ცოდნას დედები თავიანთ ქალიშვილებს გადასცემენ. თუმცა, ქალებს ხშირ შემთხვევაში არ აქვთ ყველის წარმოების თანამედროვე ცოდნასა და ფინანსებზე წვდომა. ჩვენ პროექტში ჩართულ გამბედავ ქალებს შევასწავლეთ უკეთესი წარმოების მარტივი პრაქტიკა, რაც მოიცავს ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტებს. მათ ასევე შევასწავლეთ ყველის ისეთი სახეობების წარმოება, რომლებიც უფრო დიდი ხნით ინახება. ყველს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს როგორც ქართულ სუფრაზე, ასევე ადგილობრივი თემების კვებისა და სურსათის უსაფრთხოების კუთხითაც. პროექტში ჩართულ 600-მა ფერმერმა შეძლო უფრო მეტი რძისა და ყველის წარმოება და ბევრმა მათგანმა ამით ფინანსური შემოსავალი მიიღო. შედეგად, ვხედავთ, რომ ზოგი მათგანი მცირე მასშტაბის რძის პროდუქტის საწარმოო სივრცეებსაც აწყობს. ღონისძიებაზე ვიხილე ბევრი მიზანდასახული, გაძლიერებული სახე და მჯერა, რომ სწორედ ესაა მათი წარმატებისა და ზრდის საწინდარია. მიხარია, რომ FAO-ს გუნდმა, SDC-ის მხარდაჭერითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით, ასეთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ შესანიშნავ პროექტში. ჩვენ ვამაყობთ პროექტში ჩართული ძლიერი ქართველი ქალებით“,- ამბობს ხავიერ სანს ალვარესი, FAO-ს პროგრამის კოორდინატორი.
საქართველოში შვეიცარიის საელჩოს თანამშრომლობის ოფისის რეგიონული დირექტორი ბარბარა ბონი აღნიშნავს, რომ ქალების გაძლიერება მედეგი ოჯახების, წარმატებული თემებისა და მდგრადი პროგრესის ქვაკუთხედია.
"ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივას, რომელიც შეიქმნა არა მხოლოდ პრაქტიკული უნარების გასაუმჯობესებლად, არამედ ქალების ლიდერული უნარებისა და ეკონომიკური გაძლიერების მიზნით. ისეთ პარტნიორებთან თანამშრომლობით, როგორებიცაა FAO, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ადგილობრივი თემები და კერძო სექტორი, ჩვენ ტრანსფორმაციულ ცვლილებას ვახდენთ, რაც საქართველოში ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისადმი შვეიცარიის ერთგულებას ასახავს“, - თქვა შვეიცარიის საელჩოს თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა.
“გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიზანია, მივცეთ ახალი შესაძლებლობები ქალებს, და, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებ ქალებს, დავეხმაროთ მათ შემოსავლების გაზრდაში, დასაქმებაში, და თემების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. ეს ნიშნავს ქალების თავდაჯერებულობის გაძლიერებას, ქალთა უფლებებზე ცნობიერების ამაღლებას, მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, სოციალურ სერვისებზე, ჯანდაცვასა და ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომის გაზრდას, ხელშემწყობი და ინკლუზიური გარემოს შექმნას ქალებისთვის ადგილობრივ დონეზე. პროექტის აქტივობების შედეგად, ვხედავთ სულ უფრო მეტ აქტიურ და გაძლიერებულ ქალს. მსურს, მადლობა გადავუხადო SDC-ს მხარდაჭერისთვის და FAO-ს - პარტნიორობისთვის, ასევე, პროექტში ჩართულ ყველა აქტიურ ქალს, რომლებიც ცდილობენ საკუთარი ბიზნესის გაუმჯობესებას, საზოგადოების საჭიროებების იდენტიფიცირებას, და თავად მონაწილეობენ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“, - აღნიშნავს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა.