მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამეგრელოში, ჭალადიდში ნავთობისა და გაზის მოპოვებას იწყებენ

ნავთობი

საქართველოში მოპოვებული ნავთობისა და გაზის მოცულობა იზრდება. ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, წელს ნავთობის მოპოვება 200%-ით, გაზის კი 140%-ით არის გაზრდილი. სააგენტო იმედოვნებს, რომ წლის ბოლო დაფიქსირებული მაჩვენებლები აბსოლუტურ რიცხვებში ნავთობის შემთხვევაში 40 000-ტონიან ნიშნულს, გაზის შემთხვევაში კი 15-18 მილიონ მ³ მოცულობას მიაღწევს.

როგორც გიორგი ტატიშვილმა BMG-სთან განაცხადა, მოპოვებული ნავთობისა და გაზის მოცულობების ზრდა ბრიტანული ნავთობმომპოვებელი კომპანია Block Energy-ის მიერ სამუშაოების ინტენსივობამ და ძებნა/მოპოვების პროცესში ახალი ტექნოლოგიების გამოყენებამ გახადა შესაძლებელი.

ნავთობისა და გაზის სააგენტო მიიჩნევს, რომ ქვეყანას გაცილებით მეტი ნავთობისა და გაზის რესურსი გააჩნია, შესაბამისად აქცენტი კეთდება იმ პოტენციალის ათვისებაზე, რაც ქვეყანას არამხოლოდ აღმოსავლეთ, არამედ დასავლეთ ნაწილში აქვს. როგორც გიორგი ტატიშვილი აცხადებს, სამეგრელოში, კერძოდ ჭალადიდი ტერიტორიაზე წლის ბოლომდე ჭაბურღილის ბურღვა დაიწყება. ნავთობისა და გაზის მოპოვებით სამუშაოებს კომპანია „ვესტ გალფ პეტროლიუმი“ განახორციელებს.

„მაქსიმუმ წლის ბოლომდე ჭალადიდის ფართობზე, სამეგრელოში დაიწყება პირველი ღრმა ჭაბურღილის ბურღვა, რომელიც სადღაც 4 000 მეტრამდე იქნება.

„ვესტ გალფ პეტროლიუმი“ პარალელურად სეისმურ სამუშაოებს ატარებს. დაახლოებით 200 გრძივ კილომეტრამდე უკვე მონაცემები ჩაწერილია. საკმაოდ ოპტიმისტური სურათი გვაქვს, რომ ამ ერთ ღრმა ჭაბურღილის დასრულებისთანავე მეორე ჭაბურღილიც გაიჭრება“,- აცხადებს გიორგი ტატიშვილი.

ნავთობისა და გაზის სააგენტო ინვესტორის შემოყვანას აპირებს კახეთში მდებარე ერთ-ერთ სალიცენზიო ბლოკზეც, სადაც როგორც ნავთობის, ისე გაზის რესურსები არსებობს.

„კახეთის მიმართულებით ჩვენ გვაქვს თავისუფალი სალიცენზიო ბლოკი, სადაც ვფიქრობთ მოვახდინოთ ამ ტერიტორიაზე არსებული მასალების კიდევ ერთხელ გადამუშავება, რომ შევთავაზოთ ინვესტორებს. დიდი ფართობის მქონე ბლოკია, საინტერესო ადგილას, იქ იყო ისტორიულად გაბურღული ჭაბურღილი, რომელშიც როგორც ნავთობის, ისე გაზის გამოვლინებები იყო. მოვსინჯავთ ამ მიმართულებითაც და ვეცდებით, შემოვიყვანოთ ძლიერი ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ამ მიმართულებასაც განავითარებს“,-აცხადებს ტატიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები