გასული წლის ტენდენცია მიმდინარე პერიოდშიც გრძელდება. შედეგად, რეგიონში სამომხმარებლო ფასების ზრდის დონე ბოლო წლების უმაღლეს ნიშნულს იკავებს. ფასების ზრდის განსაკუთრებით მაღალი ტემპით თურქეთი გამოირჩევა, ხოლო შედარებით დაბალი ზრდა სომხეთშია. 2021 წელს თურქეთის შემდეგ ფასების სწრაფი ზრდით საქართველო გამოირჩეოდა, მაგრამ წელს ამ პოზიციას რუსეთი იკავებს და მას აზერბაიჯანი მიჰყვება. სექტემბრის მდგომარეობით, სამეზობლოში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი ორნიშნაა, გარდა სომხეთისა.
რეგიონის ქვეყნებში მაღალ ინფლაციას ცენტრალური ბანკები ეგზოგენურ შოკებზე - ადრეულ პერიოდში პანდემიას და ახლა უკვე რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას უკავშირებს. მათ რიგებშია თურქეთის ცენტრალური ბანკის, რომელიც არაორდინალურ მონეტარულ პოლიტიკას ატარებს და ხსენებულ შოკებამდე მაღალი ინფლაციით გამოირჩევა. მართალია გაცილებით დაბალი ნიშნულით, მაგრამ ხსენებულ მოვლენებამდე ინფლაცია საქართველოშიც სამიზნე, 3.0%-იან ნიშნულს აჭარბებდა.
გრაფიკი 1: სამომხმარებლო ფასების დონის ცვლილება, წლიური (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები
საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერში სამომხმარებლო ფასების დონის წლიურმა ზრდამ 10.6% შეადგინა, რაც წინა პერიოდთან შედარებით გაზრდილია. სექტემბერში 11.5% იყო, ხოლო აგვისტოში - 10.9%. 2021 წლის ივლისიდან კი სამომხმარებლო ფასების ინდექსი ზრდის ტემპი ორნიშნაა, ხოლო 2019 წლის მარტიდან სამიზნე, 3.0%-იან ნიშნულს აჭარბებს. აქამდე ორნიშნა ინფლაცია 2011 წელს იყო, როცა ფასების ზრდა 14.5%-ს აღწევდა. მარტამდე, საქართველოში სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის ტემპი თურქეთის შემდეგ რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი ნიშნულს იკავებდა, მაგრამ აპრილიდან მდგომარეობა შეიცვალა. რუსეთსა და აზერბაიჯანში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა უფრო მაღალია.
მაღალი ინფლაციის საპასუხოდ ცენტრალური ბანკი რეფინანსირების ინსტრუმენტს იყენებს. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ჯერ კიდევ 2021 წლის მარტიდან დაიწყო, როცა პოლიტიკის განაკვეთი 8.0%-დან 8.5%-მდე გაიზარდა. განაკვეთის მორგი ზრდა აგვისტოში, 10.0%-მდე იყო, მაგრამ შემოდგომის პერიოდში დაკრედიტების ზრდის მაღალი ტემპის მიუხედავად ეროვნული ბანკი პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებდა, ხოლო ორნიშნა ინფლაციას თითქმის სრულად „ეგზოგენურ და ერთჯერად ფაქტორებს“ უკავშირებდა. მიმდინარე წელს პოლიტიკის განაკვეთი 30 მარტს გამართული სხდომის შემდეგ, 11.0%-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შემდეგ ხუთი სხდომა გაიმართა, მაგრამ პოლიტიკის განაკვეთი უცვლელია. ბოლო მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება 26 ოქტომბერს იყო, სადაც რეფინანსირების განაკვეთი 11.0%-ზე შენარჩუნდა.
თურქეთში ინფლაცია ბოლო რამდენიმე წელის მძიმე პრობლემაა. ჯერ კიდევ პანდემიამდე, 2019 წელს თურქეთში საშუალო წლიური ინფლაცია 15.5% იყო, რაც უკვე 2020 წელს 12.3%-მდე შემცირდა. თუმცა, გასული წლიდან ინფლაცია ბოლო ორი ათწლეულის რეკორდისკენ დაიძრა. 2021 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 19.4% იყო. მიმდინარე წლის თებერვალში სამომხმარებლო ფასების დონის წლიურმა ზრდამ 54.4% შეადგინა, რაც მარტში 61.2% იყო. აპრილში ინფლაციამ 70.0%-ს მიაღწია. მაისში სამომხმარებლო ფასების დონის წლიური ზრდა ბოლო ათწლეულების რეკორდული ნიშნულზე, 73.5%-ზე იყო, რამაც ივნისში კიდევ უფრო მეტს, 78.6%-ს მაღწია. ივლისში სამომხმარებლო ფასების ზრდამ 79.6% შეადგინა. აგვისტოში კიდევ უფრო მეტად, 80.2%-მდე გაიზარდა. სექტემბერში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა 83.5% იყო, რაც ოქტომბერში უკვე 85.5%-ია.
მაღალი ინფლაციის მიუხედავად, თურქეთში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება 19.0%-დან დაიწყო. ჯერ კიდევ ნაჯიმ აგბალის მმართველობის პირობებში პოლიტიკის განაკვეთი 17.0%-დან გაიზარდა, რაც ამ უკანასკნელის შაჰაპ კავჩიოღლუთი ჩანაცვლების მიზეზი გახდა. ეს უკანასკნელი მანამდე პრეზიდენტ ერდოღანის პოზიციის მედიით მხარდაჭერით იყო. მოგვიანებით, როცა ცენტრალური ბანკის ახალი მმართველის პირობებში პოლიტიკის განაკვეთის შემცირება დაიწყო, ამან კიდევ ორი ვიცე-მმართველი შეიწირა. მათგან ერთი, უგურ ნამიკ კუჩუკი ღიად შეეწინააღმდეგა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას. ამ დროისთვის თურქეთის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო სხდომა 20 ოქტომბერს გაიმართა, სადაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კიდევ უფრო მეტით შემსუბუქდა. მიუხედავად ინფლაციის მზარდი ტემპისა, ცენტრალურმა ბანკმა პოლიტიკის განაკვეთი 12.0%-დან 10.5%-მდე შეამცირა.
2021 წლის პირველი ნახევარში აზერბაიჯანი რეგიონიდან გამორჩეული იყო, რადგან ამ პერიოდში დაბალი ინფლაციით ხასიათდებოდა. თუმცა, უკვე წლის ბოლოსთვის სამომხმარებლო ფასების დონის ზრდა ორნიშნა მაჩვენებელი გახდა. კერძოდ, გასული წლის ოქტომბრიდან ინფლაცია ორნიშნა და მზარდი იყო. მარტში წლიური ინფლაცია 12.1%-ს შეადგენდა, მაგრამ აპრილში აღნიშნული 13.0%-მდე გაიზარდა. მაისში სამომხმარებლო ფასების ზრდამ 13.7% შეადგინა, რამაც ივნისში 14.2% შეადგინა. ივნისში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა უფრო დაბალ ნიშნულზე, 13.7%-ზე დაფიქსირდა, რაც აგვისტოში ისევ 14.2%-მდე იყო გაზრდილი. სექტემბერში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 15.6% შეადგინა, რაც ოქტომბერშიც იმავე ნიშნულზეა.
მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანში ინფლაციას მზარდი ტენდენცია ახასიათებდა, ცენტრალური ბანკი 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის სექტემბრამდე პოლიტიკის განაკვეთს დაბალ ნიშნულზე, 6.25%-ზე უცვლელად ტოვებდა. აღნიშნულს კი სებ-ის მსგავსად „საგარეო ფაქტორებს“ უკავშირდებოდა. თუმცა, გასული წლის სექტემბრიდან აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა პოლიტიკის განაკვეთს 7.75%-მდე გაზარდა. აღნიშნულის შემდეგ პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი რჩებოდა. თუმცა, 28 ოქტომბერს გამართულ ბანკის მენეჯერთა საბჭოს ბოლო სხდომაზე პოლიტიკის განაკვეთი 8.0%-მდე გაიზარდა.
პანდემიამდე პერიოდში სომხეთი დაბალი ინფლაციით და ხშირ შემთხვევაში დეფლაციით გამოირჩეოდა. ჯერ კიდევ 2020 წელსაც სომხეთში სამომხმარებლო ფასების დონის ზრდა სამეზობლოში ყველაზე დაბალი იყო, რაც უკვე 2021 წელს საშუალოდ 7.2%-ს შეადგენდა. სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის ტემპმა შემცირება ჯერ კიდევ დეკემბერში დაიწყო, რაც უკვე იანვარში 7.1%-ს შეადგენდა. თებერვალში სომხეთის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტით, 6.5%-მდე იყო შემცირებული. აპრილში სამომხმარებლო ფასების ინდექსის ზრდა 8.4% იყო. უკვე ივნისში ფასების დონის წლიური ზრდა ორნიშნა, 10.3% გახდა. თუმცა, ივლისში ინფლაცია 9.3%-მდე შემცირდა, რაც აგვისტოშიც გაგრძელდა, რადგან ამ თვეს სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 9.1% შეადგინა. სექტემბერში ინფლაცია 9.9% იყო, რაც ოქტომბერში 9.5%-მდეა შემცირებული. ინფლაციის შედარებით დაბალი ტემპით სომხეთი სამეზობლოში გამორჩეულია.
სომხეთში შედარებით დაბალი ინფლაცია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგია. ჯერ კიდევ 2020 წლის სექტემბერში სომხეთის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.25%-ით იყო განსაზღვრული, რომელიც უკვე 2021 წლიდან ინტენსიურად იზრდებოდა. ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 01 თებერვალს 8.0%-მდე გაზარდა, ხოლო უკვე 15 მარტს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო შექმნილი განუსაზღვრელობის და ინფლაციური მოლოდინების გამო, 9.25%-მდე. მორგი, 02 აგვისტოს გამართულ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაკვეთი 9.5%-მდე გაიზარდა, ხოლო 13 სექტემბერს გადაწყვეტილებით პოლიტიკის განაკვეთი უკვე 10.0% გახდა. სომხეთის ცენტრალურმა 01 ნოემბერს გამართა, სადაც ინფლაციის კლების მიუხედავად, განაკვეთი 10.5%-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის არსებული რეფინანსირების განაკვეთი 2015 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.
რაც შეეხება რუსეთს, ჯერ კიდევ 2020 წლის აპრილიდან ინფლაციის მაჩვენებელი იზრდება. გასული წელის მარტში, როცა სამომხმარებლო ფასების დონის წლიურმა ზრდამ 5.9% შეადგინა, ამით 2019 წლიდან მოყოლებული ყველზე მაღალი მაჩვენებელი მოინიშნა. აღნიშნულის შემდეგ, რუსეთში წლიური ფასების ზრდის ტემპი თანდათან მატულობს, რამაც მიმდინარე წლის თებერვალში 9.2% შეადგინა, ხოლო მარტში ინფლაციამ 16.7%-ს მიაღწია. აპრილში კი ფასების ზრდის ტემპი მკვეთრად გაზრდილი, 17.8% იყო, რაც მაისში 17.1%-მდე შემცირდა. ინფლაციის ტემპის შემცირება მომდევო თვეებშიც გაგრძელდა. ივნისში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი 15.9% იყო, რაც ივლისში კიდევ უფრო ნაკლები, 15.1%. აგვისტოში ინფლაცია 14.3%-მდე შემცირდა, ხოლო სექტემბერში კი - 13.7%-მდე. ოქტომბერში რუსეთის სამომხმარებლო ფასების წლიურ ზრდა 12.6% იყო. ამდენად, უკვე მეექვსე თვეა რუსეთში ინფლაცია იკლებს, მაგრამ კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება.
მაღალი ინფლაციის საპასუხოდ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა პოლიტიკის გამკაცრება გასული წლის აპრილიდან დაიწო, რაც ფასების ზრდის ტემპის შენელებაში არ ასახულა. ბანკის დირექტორთა საბჭოს დეკემბრის და იანვრის სხდომებზე მონეტარული განაკვეთი 1.0 – 1.0 პროცენტული პუნქტებით 9.5%-მდე გაზარდეს. აღნიშნულის შემდეგ, რუსეთში ინფლაციის შემცირების მოლოდინი არსებობდა, მაგრამ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის საფინანსო სექტორზე და მათ შორის, ცენტრალურ ბანკზე დაწესებული სანქციების გამო მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. ამ ფონზე, ცენტრალურმა ბანკმა 28 თებერვალს პოლიტიკის განაკვეთი 20.0%-მდე გაიზარდა, რაც უკვე 08 აპრილს მოულოდნელად 17.0%-მდე შეამცირა. მალევე ეს მაჩვენებელი 14.0%-მდე შემცირდა. მონეტარული პოლიტიკის ბოლო სამი გადაწყვეტილება 27 მაისს, 10 ივნისს და 25 ივლისს გაიმართა. პირველ შემთხვევაში პოლიტიკის განაკვეთი 11.0%-მდე შემცირდა, ხოლო მეორე შემთხვევაში ეს მაჩვენებელი ომამდე პერიოდის ნიშნულს, 9.5%-ს დაუბრუნდა. მესამე შემთხვევაში 8.0%-მდე შემცირდა. სექტემბერში რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.5%-მდე შეამცირა, ხოლო ბოლო სხდომაზე უცვლელი შეინარჩუნა.
გრაფიკი 2: მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ბოლო სამი გადაწყვეტილება (%)
წყარო: ცენტრალური ბანკები
ამდენად, გასული წლის მეორე ნახევრიდან რეგიონის ყველა ქვეყნის სამომხმარებლო ფასების დონე უფრო სწრაფად იზრდება. თუმცა, თურქეთსა და საქართველოში ინფლაციის მზარდი ტემპი უფრო ადრეულ პერიოდს უკავშირდება. სამომხმარებლო ფასების ზრდის მაღალი ტემპის საპასუხოდ რეგიონის ცენტრალურმა ბანკებმა პოლიტიკის გამკაცრება წლის პირველი კვარტლის და მეორეს დასაწყისიდან დაიწყეს. პოლიტიკის განაკვეთის ზრდა შედარებით ადრე დაიწყო სომხეთმა, რაც მიმდინარე პერიოდშიც გრძელდება. შედეგად ინფლაცია სამეზობლოდან ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.
სომხეთმა მიმდინარე წელს პოლიტიკის განაკვეთი მაღალი ნიშნული შეინარჩუნა. საქართველოში განაკვეთი უცვლელია, ხოლო აზერბაიჯანში მცირედით გამკაცრდა. საქართველომ და აზერბაიჯანმა. რაც შეეხება თურქეთს, აქ მზარდი ინფლაციის მიუხედავად ყოველი მონეტარული კომიტეტის სხდომის შემდეგ პოლიტიკის განაკვეთი მცირდება. ბოლო გადაწყვეტილებით რუსეთში პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი დარჩა. ინფლაციის დინამიკის კუთხით, გარდა თურქეთისა, რეგიონის ქვეყნებში მდგომარეობა უკეთესია, რადგან ოქტომბერში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელებულია. თურქეთში კი აღნიშნული გაზრდილია.