თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური სამგორის რაიონში ახალ რეკრეაციულ სივრცეს აწყობს. გავრცელებული ინფორმაციით, 4 ჰა-ზე მოწყობილი პარკის სამშენებლო სამუშაოებისთვის 8 მილიონი ლარია გამოყოფილი.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა გარე განათების სისტემა, საბავშვო და სპორტული მოედნები, შინაური ცხოველების სასეირნო სივრცე და სასეირნო ბილიკები, ასევე განთავსდება ფანჩატურები. გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანების მასშტაბური სამუშაოები: ტერიტორიაზე მოეწყობა სარწყავი სისტემა, შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგი და დაითესება ბალახი.
რეკრეაციული სივრცე ქინძმარაულის 29-30-31-32 კორპუსებსა და ძმები ოცხელების 25-25 ა-ს მიმდებარედ მოეწყობა.
პროექტის შესახებ ადგილზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა. მისი თქმით, პროექტის განხორციელების მიზნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, 80 ავტოფარეხი დაიშალა.
„ე.წ. ზეემკას დასახლებაში, დაახლოებით 4 ჰექტარზე მოეწყობა პარკი. ეს არის საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებული სივრცე, სადაც ძირითადად ავტოფარეხები იყო. 80 ავტოფარეხი დაიშალა ამ პროექტის განხორციელების მიზნით.
მინდა, მადლობა გადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის. ეს პროექტი, პირველ რიგში, მათთვის კეთდება, რომ ჰქონდეთ სივრცე, სადაც მათი შვილები, შვილიშვილები და თვითონაც დაისვენებენ, განიტვირთებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მერის ინფორმაციით, პროექტის მშენებლობის დასრულება 2025 წლის ზაფხულში იგეგმება.