მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამი ცვლილება, რომელიც საგადასახადო შემოწმების კუთხით იგეგმება

5f74d4ea45cde
თამთა ჯიჯავაძე
30.09.20 23:16
1404
საგადასახადო შემოწმების მიმართულებით გარკვეული ცვლილებები იგეგმება. შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ საგადასახადო შემოწმების ახალი დოკუმენტის შესახებ, აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო ფორმატში შეხვედრა უკვე გამართა, რომელსაც EY-ის საგადასახადო პრაქტიკის უფროსი მენეჯერი, ეკატერინე კიკნაძეც ესწრებოდა.
როგორც კიკნაძემ bm.ge-ს განუცხადა, ცვლილებები სამი მიმართულებით დაანონსდა.

„პირველი ეხება საგადასახადო შემოწმების დოკუმენტს. ეს არის დოკუმენტი, რომელიც საგადასახადო შემოწმების შედეგად იწერება. სიახლე ისაა რომ იგეგმება ამ დოკუმენტის ფორმატის ცვლილება იმდაგვარად რომ უფრო მარტივად აღსაქმელი იყოს. უფრო კარგად რომ იყოს გაწერილი ფაქტობრივი გარემოებები, კომპანიის საქმიანობა, შემდეგ რა შეფასება გააკეთა აუდიტორმა, რის საფუძველზე და საბოლოო ჯამში რამ გამოიწვია საგადასახადო დარიცხვა და სხვა ტექნიკური ცვლილებები, რომელიც ამ დოკუმენტს უფრო მარტივად აღსაქმელს გახდის.

მეორე ცვლილება, რაც დააანონსეს ეხება საგადასახადო შემოწმებებს და რისკზე დაფუძნებული საგადასახადო შემოწმებების პრაქტიკის დანერგვას. ამჟამინდელი პრაქტიკით, მას შემდეგ რაც გადამხდელს მისდის შეტყობინება საგადასახო შემოწმების დანიშვნის შესახებ, არის 30–დღიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ითხოვს შემმოწმებელი ინფორმაციას და წინასწარ მოკვლევას ატარებს. და თუ ამ წინასწარი მოკვლევის პერიოდში არ გამოვლინდა საგადასახადო რისკები, შემმოწმებელს საშუალება ექნება რომ შეწყვიტოს შემოწმება, ანუ აღარ ჩატარდეს საერთოდ კომპანიის შემოწმება, ან ჩატარდეს რაღაც კონკრეტულ საკითხზე, სადაც წინასწარი მოკვლევის საფუძველზე დაინახეს რისკი. ეს პრინციპში ინოვაციაა, ვინაიდან ამჟამად ძირითადად ინიშნება სრული სამწლიანი შემოწმება, მიუხედავად იმისა თუ რა რისკები არის კომპანიაში. ამ ცვლილების მიზანი არის რომ უფრო ეფექტურად დაიხარჯოს ადმინისტრაციული რესურსი. პროცესი უფრო ეფექტური ხდება. რისკზე დაფუძნებული აუდიტის მიზანიც ეს არის, რომ არა ბევრი გადამხდელი შეამოწმო და საბოლოო ჯამში დარიცხვები იყოს მინიმალური, არამედ შეამოწმო მხოლოდ ის გადამხდელები, სადაც მოსალოდნელია რომ იქნება მნიშვნელოვანი საგადასახადო შეცდომები დაშვებული.

მესამე სიახლე ეხებოდა სატრანსფერო ფასწარმოქმნას. ამჟამად საგადასახადო კანონმდებლობაში არის ასეთი ინსტრუმენტი – წინასწარი საფასო შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს იმას რომ გადამხდელს შეუძლია წინასწარ მიმართოს საგადასახადო ორგანოს, წარუდგინოს თავისი სატრანსფერო ფასწარმოქმნის პოლიტიკა და მისგან მიიღოს დასტური. პრინციპში მიზანია რომ მომავალში არ მოხდეს საგადასახადო ორგანოს მხრიდან ამ სატრანსფერო ფასწარმოქმნის კუთხით დარიცხვების განხორციელება. ეს ინსტრუმენტი პრინციპში კანონმდებლობაში კი რამდენიმე წელია არსებობს, მაგრამ პრაქტიკაში არცერთი წინასწარი საფასო შეთანხმება არ იყო გაცემული, ამათუ იმ შიდა მიზეზებით. ახლა გამოთქვეს მზადყოფნა რომ ეს პრაქტიკა დაამკვიდრონ და მზად არიან წინასწარი საფასო შეთანხმებები გასცენ“, – განაცხადა ეკატერინე კიკნაძემ.

მისივე თქმით, ის დაანონსებულ ცვლილებებს დადებითად აფასებს, მთავარია როგორ მოხდება მათი პრაქტიკაში განხორციელება.

თუ როდიდან დაინერგება აღნიშნული ცვლილებები, ჯერჯერობით უცნობია. როგორც ეკატერინემ განაცხადა, კონკრეტული ვადა ჯერ არ დაუსახელებიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები