მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამი წლის თავზე საქართველოში რეალური ეკონომიკა 30%-ზე მეტით გაიზარდა, რაც ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელია - პრემიერი

კობახიძე

სამი წლის თავზე 30%-ზე მეტით გაიზარდა ჩვენი რეალური ეკონომიკა, რაც არის ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ვახტანგ მეგრელიშვილის კითხვას ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით ასე უპასუხა:

„ძალიან მარტივი საკითხია, არსებობს ნომინალური ეკონომიკური ზრდა, არსებობს რეალური ეკონომიკური ზრდა. როდესაც საუბარია ხოლმე ეკონომიკურ ზრდაზე, როგორც წესი, მოჰყავთ ნომინალური ეკონომიკური ზრდის მონაცემები. იგივე ხდება მაგალითად ხელფასებთან დაკავშირებითაც. თუ ადამიანს, მაგალითად, ჰქონდა 1000 ლარი ხელფასი, 3 წლის თავზე გაუხდა ხელფასი 2 000 ლარი, ამბობენ, რომ ხელფასი გაუორმაგდა. რა თქმა უნდა, ეს თავის თავში მოიცავს ინფლაციასაც, ანუ აქ არის ინფლაციის წილიც, მაგრამ ხელფასის ზრდა აღინიშნება ხოლმე ნომინალში, ეს არის მიღებული პრაქტიკა. ზუსტად იგივე განსხვავებაა ნომინალურ ეკონომიკურ ზრდასა და რეალურ ეკონომიკურ ზრდას შორის. რაც შეეხება კონკრეტულად რეალურ ეკონომიკურ ზრდას. რეალური ეკონომიკური ზრდა ამ სამი წლის განმავლობაში იყო 30 %-ზე მეტი. ანუ, საშუალო ზრდა გვქონდა 9,7 %, საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა, რაც ნიშნავს იმას, რომ სამი წლის თავზე 30 %-ზე მეტით გაიზარდა ჩვენი რეალური ეკონომიკა, რაც არის ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელი. ამიტომ ჩვენ თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ როგორც ნომინალურ ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე რეალურ ეკონომიკურ ზრდაზე. ბატონი ვახტანგი არ ესწრება, შეგიძლიათ გადასცეთ ჩემი საუბარი, ან შეიძლება ტელევიზიით უსმენდეს ამ ყველაფერს,“- განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის: საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მაისში, საქართველოს ეკონომიკა 9.2%-ით გაიზარდა, ხოლო 2024 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო ზრდა 9.3%-ია.

ამასთან, მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური პროგნოზი განაახლა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკა წელს 4.8%-ის ნაცვლად 5.2%-ით გაიზრდება. მსოფლიო ბანკი საქართველოსთან მიმართებით შედარებით უფრო კონსერვატიულ პროგნოზს ინარჩუნებს, ვიდრე საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელმაც მარტში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.8%-დან 5.7%-მდე გაზარდა. პროგნოზს ზრდის მიმართულებით გადახედა საქართველოს მთავრობამაც, რომელიც 2024 წელს ქვეყანაში 5.2%-ის ნაცვლად 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები