მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სამინისტროსგან არ ვითხოვთ GMP სტანდარტზე გადასვლის უპირობო გადავადებას“ - ბიზნესომბუდსმენის აპარატი

60e96df4cbf45
ელენე გოგბერაშვილი
10.07.21 16:00
1085
ფარმაცევტული სექტორის არაერთი თხოვნის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრო პოზიციას არ ცვლის და GMP-ის სტანდარტზე გადასვლის ვალდებულების გადავადებას არ თანხმდება. ეს იმას ნიშნავს, რომ 2022 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ფარმაცევტული პროდუქცია მხოლოდ GMP-ის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად უნდა იყოს წარმოებული.

“GMP-ს სტანდარტი არ გადავადდება, ვინაიდან ეს სტანდარტები არის ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. შემიძლია მოგაწოდოთ ყველა იმ დაწესებულების დასურათებული ვერსიები, რომლებიც ითხოვენ GMP-სტანდარტის გადავადებას. მე ვთვლი, რომ საქართველოში მსგავსი საწარმოების არსებობა სირცხვილია. დანაშაულია, რომ უფლებას ვაძლევთ და იქ წარმოებული მედიკამენტები იყიდება აფთიაქებში“, - განუცხადა გასულ კვირას BM.GE-ს ეკატერინე ტიკარაძემ.

აღსანიშნავია, რომ რეგულაციის გადავადებას ფარმაცევტული სექტორი გასული წლიდან ინტენსიურად ითხოვს. მიმართეს პრემიერს, პარლამენტს, ჯანდაცვის სამინისტროს, ბიზნესომბუდსმენის აპარატს.

ბაზარზე დაახლოებით 70 ფარმაცევტული საწარმოა. როგორც ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, კომპანიების ნაწილი მზადყოფნას გამოთქვამს სამინისტროს ახალ სტანდარტზე ეტაპობრივად გადასვლის გეგმა შეუთანხმობს. შესაბამისად, როგორც ნინო კვეტენაძე ამბობს, სწორედ აქედან გამომდინარე ჩათვალა მათმა აპარატმა სამინისტროსთვის შესაბამისი მოთხოვნით წერილი გაეგზავნა.

„ჩვენმა ოფისმა ჩათვალა საჭიროდ მიგვემართა სამინისტროსთვის რეგულაციის გადავადებასთან დაკავშირებით. ერთ რამეს გეტყვით, რომ ეს არ იყო უპირობო გადავადება, არამედ კონკრეტული გეგმებით გადავადება, რადგან მოგეხსენებათ GMP სტანდარტი ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენჯერმე ნამდვილად გადავადდა სახელმწიფოს მხრიდან ამ სტანდარტზე გადასვლა, ახლა კიდევ უპირობოდ გადავადებას ჩვენ არ ვიზიარებდით, რაზეც კონსესუსი შედგა ბიზნესთანაც. ისინიც თანახმა არიან კონკრეტული გეგმები შეეთანხმებინათ სამინისტროსთვის რას და როდის განახორციელებდნენ. ამიტომ ჩვენმა ოფისმა ჩათვალა საჭიროდ ამ რეკომენდაციის გაგზავნა სამინისტროსთვის, რაც გაიგზავნა“-აცხადებს კვენეტაძე.

ჩვენს კითხვაზე, თუ რა პასუხი დაუბრუნა ტიკარაძის უწყებამ ბიზნესომბუდსმენის აპარატს, კვეტენაძე ასე გვპასუხობს:
იმის იქით ვერ გიპასუხებთ, რადგან ოფიციალური კორესპონდენცია არ მიგვიღია. ჩვენც ისევე გავეცანით მინისტრის განცხადებას, როგორც თქვენ“.

აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო სტანდარტზე გადასვლა ჯერ კიდევ 2016 წლიდან იგეგმებოდა, თუმცა სისტემის დანერგვა 2018 წლის იანვრამდე გადაიდო, მოგვიანებით კი 2019 წლის 1 ივლისიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე გარდამავალი პერიოდი განისაზღვრა. შესაბამისად კომპანიებს საკმარისი დრო ჰქონდათ ახალ სტანდარტზე გადასასვლელად მომზადებულიყვნენ, თუმცა დღეს, როცა 6 თვეა დარჩენილი 2022 წლამდე, ძალიან ბევრი კომპანია ამბობს, რომ ამისთვის მზად ისევ არ არის.

როგორი იქნება მთავრობის საბოლოო პოზიცია ჯერ უცნობია. თუ კომპრომისი არ შედგა, კერძო სექტორში ამბობენ, რომ ბაზარს რამდენიმე ათეულობით ფარმაცევტული საწარმო დატოვებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები