პროფესიულ განათლებაში კერძო-საჯარო პარტნიორობის სურვილით, 15 ნოემბრიდან დღემდე სამინისტროში ბიზნესის მხრიდან 10-ზე მეტი განაცხადია შესული. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროდან BM.GE-ის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აცნობეს.
უწყების გაცხადებული პოლიტიკით პროფესიული განათლება პრიორიტეტული იქნება და სკოლებში პროფესიული სწავლების დანერგვასთან ერთად, სამინისტრომ კერძო სექტორის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ სხვადასხვა ფორმით პარტნიორობა გასული წლის ოქტომბერში შესთავაზა, თუმცა იმ დროისთვის უცნობი იყო თანამშრომლობის რა ფორმატს სთავაზობდა სახელმწიფო ბიზნესს. განათლების სამინისტროში ამ შეთავაზების მიღების მსურველებს განაცხადების შეტანა 2023 წლის 15 ნოემბრიდან შეეძლოთ და როგორც შემდგომ პერიოდში განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი აცხადებდა, რომ პროფესიული განათლების კუთხით პარტნიორობაზე დაინტერესება იმდენად დიდია, რომ უწყებას განაცხადების დაკმაყოფილებაზე ბიუჯეტიც არ ეყოს. 15 ნოემბრიდან დღემდე განაცხადების რაოდენობის შესახებ მინისტრს რიცხვი არ დაუკონკრეტებია, აქედან გამომდინარე BM.GE დაინტერესდა - რამდენი განაცხადი შევიდა უწყებაში და თუ მიიღეს უწყებაში რომელიმე განაცხადზე გადაწყვეტილება.
სამინისტროში განმარტავენ, მიღებული 10-ზე მეტი განაცხადიდან, უწყება „ბკ ქონსთრაქშენთან“ თანამშრომლობით ახალციხეში, ვალეში სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2“-ის სასწავლო ბაზას განავითარებს.
„კერძო სექტორის წინადადებების მიღება დაწყებულია. ამ დროისათვის, მიღებულია 10-ზე მეტი განაცხადი. ასევე, საკითხთან დაკავშირებით, არაერთი შეხვედრა გაიმართა სამინისტროსა და კერძო კომპანიების წარმომადგენლებს შორის. ამ დროისათვის, მიღებულია გადაწყვეტილება, შპს „ბკ ქონსთრაქშენთან“ თანამშრომლობით, ახალციხის მუნიციპალიტეტში, ქ. ვალეში, ა(ა)იპ სამშენებლო კოლეჯის „კონსტრუქტ2“ სასწავლო ბაზის განვითარების შესახებ. აღსანიშნავია, რომ შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
ამ ეტაპზე, აქტიურად მიმდინარეობს სხვა შემოთავაზებების განხილვა და მიღებული იქნება გადაწყვეტილება, პროექტების ხარჯთეფექტიანობის და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით. რაც შეეხება სამინისტროსა და კერძო კომპანიებს შორის ვალდებულებების განაწილებას, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკების საგანს და თითოეულ შემთხვევაში, განისაზღვრება მხარეთა შორის შეთანხმების გზით“, - უპასუხეს BM.GE-ის უწყებაში.
განათლების სამინისტროში კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ წარმოდგენილი პროფესიული განათლების ახალი ხედვის ფარგლებში, ერთ-ერთ მიმართულებას პროფესიული განათლების სისტემაში საჯარო-კერძო პარტნიორობის მასშტაბის ზრდა, დამსაქმებლების ჩართულობის გაძლიერება და მათთვის საჯარო შეთავაზება წარმოადგენს.
ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, კერძო სექტორს პროფესიული განათლების მართვაში მონაწილეობას, რამდენიმე ფორმით სთავაზობს:
- კოლეჯის თანადაფუძნება/თანაინვესტირება;
- კოლეჯის ინფრასტრუქტურის/სახელმწიფო ქონების გადაცემა პირობით;
- კოლეჯის/კოლეჯის ცალკეული მიმართულების მართვაში გადაცემა;
- კერძო სექტორის მიერ პროგრამების განხორციელება