საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის ხელმძღვანელობით ქართული ბიზნესის წარმომადგენლები მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საინვესტიციო სამიტის, SelectUSA-ის, ფარგლებში აშშ-ს ესტუმრნენ, სადაც ინვესტორებს და ქვეყნის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს შეხვდნენ.
ქართულ დელეგაციაში 25-მდე ქართული კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდა, რომელთა შორის დეველოპერული კომპანია “არქი” მოხვდა. კომპანიამ განვითარებისთვის სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების უზარმაზარი ბაზარი შეარჩია, სადაც პირველი პროექტით - “არქი მაიამით” არის წარმოდგენილი.
როგორც “არქის” გენერალურმა დირექტორმა, შიო ხეცურიანმა “საქმიან საღამოში” განაცხადა, სამდღიანი სამიტის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლები აშშ-ის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომელთაც ცალკეული შტატებისა და იქ ბიზნესის კეთების უპირატესობები გააცნეს.
“SelectUSA ძალიან საინტერესო სამიტი იყო, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების და ქვეყნის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები, ასევე ცალკეული შტატების წარმომადგენლები და გუბერნატორები მონაწილეობდნენ მონაწილეობდნენ. ქართველებთან ერთად, სამიტს ბევრი სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სასიამოვნოა, რომ ეს ვიზიტი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ დააორგანიზა, ხოლო თავად ვიზიტი ელჩი დანიგანის ხელმძღვანელობით შედგა. საინტერესო სამი დღე იყო, რომლის დროსაც გუბერნატორებმა საკუთარი შტატები უპირატესობები გაგვაცნეს და მოგვიყვნენ, თუ როგორ ვითარდება და რამდენად ხელსაყრელია ადგილობრივი ბიზნესგარემო და რაოდენ კვალიფიციური მუშახელი ჰყავთ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნის მთავარი მიზანი და მიზეზი “არქისთვის” ჩვენი ამერიკული პროექტი - “არქი მაიამი” იყო, რომელიც შარშან დავაანონსეთ და მალე მშენებლობას დავიწყებთ. თუმცა არქი მხოლოდ მაიამის პროექტზე გაჩერებას არ ფიქრობს, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე განვითარება მომავალშიც გვსურს. ეს სამიტი ამ მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება, რადგან საელჩოს წარმომადგენლების დახმარებით არაერთი შეხვედრა ჩავნიშნეთ ადამიანებთან, ვინც მომავალში კონსულტაციას გაგვიწევენ, სწორ რჩევას მოგვცემენ და სწორი უძრავი ქონების შერჩევასა და განვითარებაში დაგვეხმარებიან”, - განაცხადა შიო ხეცურიანმა “საქმიან საღამოში”.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ ბაზარზე შესვლა “არქიმ” 2023 წლის ბოლოს დააანონსა. კომპანია ფლორიდის შტატში, მაიამისთან, პომპანოს სანაპიროზე მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს, რომელიც 100-მდე ბინას, სამუშაო, დასასვენებელ და სპორტულ სივრცეებს, ასევე, კომერციულ ფართსა და 129 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს გააერთიანებს. პროექტი ამერიკულ დეველოპერულ კომპანია Elit Group-თან თანამშრომლობით განხორციელდება.