წუხელ ღამით რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილ სამხედრო იერიშს სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევას ევროპელი ლიდერები ეხმიანებიან.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი აცხადებს, რომ ბლოკმა უკრაინის დახმარება უნდა გააძლიეროს.
"რუსული რაკეტები უკრაინაში დაუნდობელ ვარდნას განაგრძობენ, თან მიაქვთ მეტი სიკვდილი და დესტრუქცია. პუტინმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მშვიდობით დაინტერესებული არ არის. აუცილებლად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო დახმარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო მეტი უკრაინელი მოქალაქე გადაიხდის უმაღლეს ფასს", - წერს კალასი X-ზე.
"მორიგი ტრაგიკული ღამე უკრაინაში",- ასე ეხმიანება თავდასხმას პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტასკი - "ასე ხდება, როდესაც ვიღაც ბარბაროსების დამშვიდებას ცდილობს. მეტი ბომბი, მეტი აგრესია, მეტი მსხვერპლი", - წერს ის.
ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი აღნიშნავს, რომ უკრაინასა და საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია რუსეთის იმპერიალისტურ მიზნებს ემსახურება. ამის შესახებ მიხელსონმა X-ზე დაწერა.
"ნათლად ვთქვათ, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსული ომისა და აგრესიის ძირეული მიზეზი რუსეთის სურვილია, კვლავ ბოროტ იმპერიად იქცეს. ბოროტად ქცევა უკვე მიღწეულია, ჩვენზეა დამოკიდებული უზრუნველვყოთ, რომ იმპერიადაც არ იქცევიან. თუ ამაში წარმატებას მიაღწევენ, წინ უფრო დიდი და კატასტროფული ომი გველოდება", - წერს ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე.
დონეცკის რეგიონში, ქალაქ დობროპილიაზე განხორციელებულ თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა. პრეზიდენტმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გაძლიერება და სანქციების გაზრდა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
"შემთხვევის ადგილზე ჩვენი გადაუდებელი სამსახურების მისვლისთანავე მორიგი შეტევა განხორციელდა, რომლის სამიზნეც მაშველები იყვნენ. ეს დაშინების ამაზრზენი და არაადამიანური ტაქტიკაა, რომელსაც რუსები ხშირად მიმართავენ.
მსგავსი დარტყმები აჩვენებს, რომ რუსეთის მიზნები უცვლელი რჩება. ამიტომ, ძალიან კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, გავაძლიეროთ საჰაერო თავდაცვა და გავზარდოთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ყველაფერი, რაც პუტინს ომის დაფინანსებაში ეხმარება, უნდა დაეცეს", - წერს ზელენსკი.
დობროფილიაზე ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით თავდასხმის შედეგად 8 მრავალსართულიანი შენობა ჩამოინგრა. შემთხვევას სულ მცირე 14 ადამიანის, მათ შორის ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 31 კი დაშავდა.