2024 წლის პირველ ნახევარში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების მოსაკრებლიდან ბიუჯეტმა 3,549,089 ლარის შემოსავალი მიიღო. ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.6-ჯერ მეტია.
თავდაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, 2025 წლის 1 იანვრამდე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის ოდენობა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის 1 კალენდარული წლით გადავადებისთვის 2 000 ლარს შეადგენს. ამასთან, მოქალაქეს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდის უფლებით შეუძლია ისარგებლოს 25 წლის მიღწევამდე.
2025 წლის 1 იანვრიდან კი ეს მოსაკრებელი ორნახევარჯერ, 5 000 ლარამდე იზრდება.
"წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის ოდენობა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის 1 კალენდარული წლით გადავადებისთვის 5 000 (ხუთი ათასი) ლარია", - ნათქვამია თავდაცვის მინისტრის ბრძანებაში.
იმის გათვალისწინებით, რომ წელს გადავადება 2,000 ლარი ღირდა, ეს ნიშნავს, რომ გადავადების ფასიანი გზით 2024 წლის პირველ ნახევარში 1,774-მა მოქალაქემ ისარგებლა.