საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის წესში ცვლილებები იგეგმება, რომლის მიხედვითაც წვევამდელებს შეტყობინების მიღება ელექტრონული ფორმითაც მიუვათ. შესაბამისი ცვლილებები საქართველოს თავდაცვის კოდექსში შედის და პარლამენტში მისი განხილვა უკვე დაწყებულია.
ცვლილებების თანახმად, სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ შეტყობინება შესაძლებელია გაიგზავნოს როგორც ტრადიციული გზით – უწყების ჩაბარებით, ასევე ელექტრონული ფოსტით ან მობილურ ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სახით. ალტერნატიული კომუნიკაციის გამოყენება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ პირისთვის შეტყობინების ფიზიკურად ჩაბარება ვერ ხერხდება.
პროექტის მიხედვით, თუ წვევამდელი შეტყობინებას ელექტრონულად მიიღებს, მაგრამ ორ სამუშაო დღეში უკუკავშირი არ დაფიქსირდება, ან კომუნიკაცია სხვა გზებითაც შეუძლებელი იქნება, შესაბამისი უწყება გამოქვეყნდება ოფიციალურ ვებგვერდზე. ამ შემთხვევაში შეტყობინება გამოქვეყნებიდან მეშვიდე კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება.
ცვლილებების ინიციატორია საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომელმაც ასევე დაარეგულირა წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და გაწვევის ორგანიზაციული საკითხები. დადგენილია, რომ შეტყობინების ჩაბარება შესაძლებელია ოჯახის წევრებისთვისაც.
მთავრობის დადგენილებით, 2026 წელს თავდაცვის ძალებში 18-დან 27 წლამდე დაახლოებით 5.8 ათასი პირის გაწვევა იგეგმება. გაწვევა ხორციელდება კომპიუტერული სისტემის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
სავალდებულო სამხედრო სამსახური ანაზღაურებადია და ითვალისწინებს შვებულებებსა და დასვენების დღეებს. წვევამდელებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ სამსახურის გავლის ერთ-ერთი ფორმა: საბრძოლო ქვედანაყოფში ექვსი თვე, დაცვისა და უზრუნველყოფის მიმართულებით რვა თვე ან უმცროსი სამეთაურო წოდებისა და სპეციალობის დასაუფლებლად 11 თვე.




























