სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ნავთობის სტრატეგიული მარაგების 36 მილიონ ბარელამდე გაზრდას გეგმავს, რაც აპარტეიდის ეპოქის დასრულებიდან 56 წლის განმავლობაში პირველი მსგავსი მასშტაბის ინიციატივაა.
ქვეყნის ენერგეტიკის დეპარტამენტის მიერ საჯარო განხილვისთვის წარდგენილი პოლიტიკის დოკუმენტის პროექტის თანახმად, ახალი ინიციატივა 60 დღის ეროვნული მოთხოვნის შესაბამისი გადაუდებელი რეზერვების შენარჩუნებას ითვალისწინებს. გეგმის მიხედვით, მარაგების დაახლოებით ორი მესამედი ნედლი ნავთობის სახით იქნება წარმოდგენილი, ხოლო დარჩენილი ნაწილი გადამუშავებულ ნავთობპროდუქტებზე განაწილდება.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საწვავის მოხმარების მაჩვენებელი მაღალია და წლიურად საშუალოდ 27 მილიარდ ლიტრ ნავთობპროდუქტს აღწევს, ტრანსპორტის სექტორის ენერგეტიკული საჭიროებების 90%-ს კი თხევადი საწვავი უზრუნველყოფს. სამთავრობო უწყებების განმარტებით, ნავთობის მიწოდების ნებისმიერმა შეფერხებამ შესაძლოა მასშტაბური ფინანსური ზარალი და სოციალური კრიზისი გამოიწვიოს. სტრატეგიული გეგმის მიხედვით, სახელმწიფო რეზერვების გარდა, ახალი ვალდებულებები კერძო სექტორსაც დაეკისრება. კერძოდ, ლიცენზირებული მწარმოებლები და საბითუმო მოვაჭრეები ვალდებულნი იქნებიან, დიზელის, ბენზინისა და საავიაციო საწვავის დამატებით 14 დღის მარაგი დამოუკიდებლად შეინარჩუნონ.




























