სამხრეთ კორეის მთავრობისა და კომერციული ბანკების ერთობლივი განცხადებიდან ირკვევა, რომ ქვეყანა სესხის სახით $313.4 მილიარდს გასცემს იმ პროექტების დაფინანსებისთვის, რომლებიც ნახშირბადის ემისიების შემცირებას ემსახურება. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
მათი ინფორმაციით, 2030 წლისთვის ქვეყნის 5 უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი, მათ შორის კორეის განვითარების ბანკიც (KDB), სესხებს იმისთვის გასცემენ, რათა კომპანიები ნახშირბადნეიტრალური წარმოებისთვის წაახალისონ.
საერთო განცხადების თანახმად, კორეის 5 წამყვან ბანკსა და მთავრობას შორის თანამშრომლობა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლასაც ითვალისწინებს.
გარდა ამისა, KDB და სხვა მსხვილი ბანკები, მათ შორის Woori Bank-ი და Kookmin Bank-ი, საერთო ფონდს შექმნიან, საიდანაც 9 ტრილიონი სამხრეთ კორეული ვონი, ანუ 6.7 მილიარდი აშშ დოლარი, მწვანე ენერგიის საწარმოების აშენებას მოხმარდება.