სამხრეთ კორეის მთავრობამ 26.2 ტრილიონი ვონის (დაახლოებით $17.1 მილიარდი დოლარი) მოცულობის დამატებითი ბიუჯეტის პროექტი წარადგინა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომით გამოწვეული ენერგეტიკული ხარჯების შემცირებას ისახავს მიზნად.
გეგმის მიხედვით, დაახლოებით 10.1 ტრილიონი ვონი ($6.6 მლრდ.) უშუალოდ ნავთობზე მაღალი ფასებით გამოწვეული ტვირთის შემსუბუქებას მოხმარდება.
ქვეყნის დაგეგმარებისა და ბიუჯეტირების მინისტრის, პაკ ჰონგ-გინის განცხადებით, ფისკალური მხარდაჭერა მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად და ეკონომიკური აღმავლობის შესანარჩუნებლად აუცილებელი ნაბიჯი იყო და ის გადაიდგა იმისთვის, რომ ენერგეტიკულმა შოკმა ეკონომიკური ზრდის ტემპი არ შეაფერხოს.
შეგახსენებთ, სამხრეთ კორეა, რომელიც აზიის მეოთხე უმსხვილესი ეკონომიკაა, იმპორტზე სერიოზულადაა დამოკიდებული. კონკრეტულად, ქვეყანას ენერგორესურსების 94% და ნედლი ნავთობის 72% სწორედ უცხოეთიდან, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთიდან შეაქვს. მთავრობის მიერ დღეს შეთავაზებული პაკეტი ნავთობპროდუქტებზე ფასების ზედა ზღვრის დასაწესებლად 5 ტრილიონ ვონის გამოყოფას მოიცავს. ამასთან, ბიუჯეტი ითვალისწინებს 4.8 ტრილიონ ვონის მოცულობის ვაუჩერების დარიგებას დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის. ეს კი ერთ ადამიანზე $65-დან $392-მდე დოლარის ექვივალენტს ნიშნავს. დამატებითი სახსრები ასევე მიემართება ფერმერების, მეთევზეებისა და მცირე სატვირთო გადამზიდავების სუბსიდირებაზე. ცნობისთვის, აღნიშნული ბიუჯეტი ჩიპების ექსპორტიდან მიღებული გაზრდილი საგადასახადო შემოსავლებითა და საფონდო ბირჟის რეკორდული მაჩვენებლებით დაფინანსდება. კანონპროექტი ეროვნულ ასამბლეას უკვე წარედგინა და მას ოპოზიციური პარტიაც უჭერს მხარს. ბიუჯეტის საბოლოო დამტკიცება 10 აპრილამდეა მოსალოდნელი
შეგახსენებთ, რომ ნავთობზე ფასების მკვეთრი ზრდა 28 თებერვალს აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ დაიწყო. ამან აზიურ ეკონომიკებს მიწოდების დეფიციტის საფრთხე შეუქმნა.




























