კორეის რესპუბლიკაში, სეულში საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.
ორმხრივი შეხვედრა 17 აპრილს დასრულდება, მიმდინარე წლის მაისში კი საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი გაიმართება. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის თებერვალში, საქართველოში მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა.
სამხრეთ კორეაში ერთ მოსახლის საშუალო წლიური შემოსავალი 41 000 დოლარზე მეტია. აზიაში სამხრეთ კორეაზე მდიდარი მხოლოდ სინგაპური, ბრუნეი და იაპონიაა.
სანამ სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამოქმედდება, BMG გთავაზობთ ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობას რიცხვებში.
ვაჭრობა
საქართველოსა და კორეას შორის სავაჭრო ბრუნვა წლების მიხედვით ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 2023 წელს, რეკორდული მაჩვენებელი 120.3 მლნ აშშ დოლარი დაფიქსირდა. მაშინ, როცა 2022 წელს 118.6 მლნ აშშ დოლარი იყო, 2021 წელს 99.1 მლნ აშშ დოლარი, 2020 წელს 77.9 მლნ აშშ დოლარი და ა.შ.
რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველ ორ თვეს, სავაჭრო ბრუნვა 35.5%-ით გაიზარდა. 2023 წელს ვაჭრობა 13.9 მლნ აშშ დოლარი იყო, 2024 წელს კი, 18.8 მლნ აშშ დოლარი.
მიმდინარე წლის მაჩვენებლიდან ექსპორტი მხოლოდ 1.1 მლნ აშშ დოლარია.
რა ვიყიდეთ 2024 წელს კორეის რესპუბლიკიდან. TOP-5 იმპორტირებული პროდუქტი:
- მსუბუქი ავტომობილები - $6.5 მლნ;
- ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - $3.8 მლნ;
- სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები - $1.1 მლნ;
- დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $1.03 მლნ;
- ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - $679.2 ათასი.
TOP-5 საექსპორტო პროდუქტი:
- ფეროშენადნობები - $497.7 ათასი;
- ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები - $243.7 ათასი;
- პლასტმასის დანარჩენი ნაწარმი - $158.2 ათასი;
- მოწყობილობები ელექტროგამანათებელი ან სასიგნალიზაციო - $63.2 ათასი;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - $61.1 ათასი.
FDI
კორეიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაქსიმალური მაჩვენებელი 36.4 მლნ აშშ დოლარი 2017 წელს დაფიქსირდა, რის შემდეგაც FDI ძირითადად კლების რეჟიმშია. 2023 წელს, კორეის რესპუბლიკის წილი ინვესტიციებში 0.1% იყო და წლიურად 28%-იანი ზრდის შედეგად, 1.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ტურიზმი
ტურიზმის ადმინისტრაციის ოფიციალური მონაცემებით, 2023 წელს საქართველოს კორეის რესპუბლიკის 14 878 მოქალაქე სტუმრობდა, რაც 191%-ით ზრდა არის 2022 წელთან შედარებით. ხოლო, პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით კლება 10.6%-ია.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, სამხრეთ კორეიდან ფულადი გზავნილების დონე ნულოვანია.