ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამხრეთ კორეის რეიტინგული შემეცნებითი სამაუწყებლო არხის EBS Korea გადამღებ ჯგუფს მასპინძლობს. მედიის წარმომადგენლები გადაცემისთვის World Theme Travel საქართველოს შესახებ კიდევ ერთ დოკუმენტურ ფილმს ამზადებენ. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, EBS Korea-ს წარმომადგენლები თბილისის ტურისტულ ადგილებს, კახეთში რთველს, სამცხე-ჯავახეთში ფარავნის ტბას, იმერეთში ოკაცეს კანიონსა და პრომეთეს მღვიმეს, სამეგრელოში მარტვილის კანიონს, სვანეთში მესტიას, უშგულს, ქორულდის ტბას, ჭალაათის მყინვარს, შდუგრას ჩანჩქერს, შხარას, მცხეთა-მთიანეთში სტეფანწმინდას, თრუსოს ხეობასა და გერგეტის სამებას გადაიღებენ. ტურის მონაწილეები გაეცნობიან ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტრადიციებს.
უწყების ინფორმაციით, EBS Korea-ის დოკუმენტური ფილმების რედაქციას Youtube-ზე 5 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
ცნობისთვის, კორეის რესპუბლიკიდან საქართველოში ვიზიტების რაოდენობა არც ისეთი მოცულობითია, თუმცა პანდემიური პერიოდის შემდეგ მზარდია. 2024 წელს საქართველოში სამხრეთ კორეიდან 26 687 ვიზიტი შესრულდა, რაც დაახლოებით 12 ათასი ვიზიტით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე. გასული წლის მაჩვენებელი პანდემიამდელ - 2019 წლის [16 642] ვიზიტების რაოდენობასაც აღემატება.
2025 წლის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით კი, კორეის რესპუბლიკიდან წლის პირველ ნახევარში 15 742 ვიზიტი შედგა, რაც წლიურად 14.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.




























