შავი პარასკევის ფენომენი ბევრისთვის უკვე ცნობილია. ყოველ წელს, ნოემბრის ბოლო პარასკევ დღეს, მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში მომხმარებლები თითქმის ყველა კატეგორიის პროდუქტის შესაძენად კომპანიებისგან მნიშვნელოვან ფასდაკლებებს იღებენ.
ბოლო წლებში, ნაცვლად შოპინგისთვის გამოყოფილი ერთი დღისა, "შავი პარასკევი" კვირეულად იქცა, რომლის ფარგლებშიც ბრენდები მსხვილ ფასდაკლებებს მთელი კვირის განმავლობაში, სხვადასხვა დასახელების პროდუქტზე სთავაზობენ, რაც, როგორც წესი, ორშაბათ დღეს, Cyber Monday-ზე, ტექნიკაზე გრანდიოზული ფასდაკლებით გვირგვინდება.
2017 წლიდან "შავი პარასკევის" კვირეულს კიდევ ერთი დღე, "სამოგზაურო სამშაბათი" (Travel Tuesday) დაემატა, რომლის ფარგლებშიც, ტურისტული კომპანიები, სასტუმროები და ავიახაზები მოგზაურობის მსურველებს სხვადასხვა პროდუქტზე შეღავათიან ფასს წელს 3 დეკემბერს შესთავაზებენ.
Travel Tuesday-ის მიღმა მნიშვნელოვანი მარკეტინგული გათვლაა: ნოემბრის ბოლო და დეკემბრის დასაწყისი სამოგზაუროდ ყველაზე ნაკლებად აქტიური სეზონია, რის გამოც ავიაკომპანიები თვითმფრინავების გასავსებად ყველა საჭირო ხერხს მიმართავენ.
"სამოგზაურო სამშაბათის" გამომგონებლად ფრენის ბილეთების ჯავშნის ონლაინ პლატფორმა Hopper-ი მიიჩნევა, რომელმაც პირველმა შეამჩნია, რომ მადლიერების დღის მომდევნო სამშაბათს სამოგზაურო ბილეთების ყიდვა ყველაზე მომგებიანია.
სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ "სამოგზაურო სამშაბათი" უფრო და უფრო იმკვიდრებს თავს წლის მთავარ საშოპინგო კვირეულში. Mckinsey & Co-ს ინფორმაციით, საძიებო სისტემებში "Travel Tuesday"-ის ძებნის შემთხვევები 2021-დან 2023 წლამდე 500%-ით გაიზარდა. Sojern-ის მონაცემები კი ცხადყჰოფს, რომ ავიაკომპანიების, სასტუმროებისა და კრუიზების ჯავშნები სწორედ მადლიერების დღის შემდეგ სამშაბათს უფრო მაღალია, ვიდრე ორი კვირის რადიუსში.
რას უნდა ველოდოთ 3 დეკმბერს?
როგორც აღვნიშნეთ, წელს "სამოგზაურო სამშაბათი" 3 დეკემბერს ემთხვევა. სწორედ ამ დღეს უნდა ელოდონ მოგზაურები სხვადასხვა პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად.
მაგალითისთვის, გასულ წელს სასამშაბათო ფასდაკლება ჰქონდათ ისეთ მსხვილ კომპანიებს, როგორებიცაა: Ryanair, Booking.com, Singapore Airlines და სხვა.
2024 წელს კი ტრადიციას რამდენიმე სასტუმრო ქსელიც უერთდება, რომელთა შორისაცაა Hard Rock Hotels, Hilton, Hopper და სხვა. ჯავშნებზე ფასდაკლებები ხშირად 55%-ს აღწევს.