სამომავლო გეგმების დასახვა იმაზე რთულია, ვიდრე ეს 2020 წელს, პანდემიის პერიოდში იყო შესაძლებელი, - ამის შესახებ BM.GE-სთან "ესკის" აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე კუსიანმა განაცხადა.
„ესკი“ ბაზარზე 2022 წლის სექტემბერში გამოჩნდა და პირველი სივრცეა, რომელმაც საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების პროდუქცია ერთ სივრცეში გააერთიანა. სივრცე ამ დროისათვის, თავს 30 სოციალურ საწარმოს და მათ 1000-მდე დასახელების პროდუქტს უყრის.
სალომე კუსიანი ჩვენთან ბოლო 4 თვეში შემცირებული მომხმარებლის რაოდენობაზე საუბრობს და ვარაუდობს, რომ აღნიშნული ფაქტი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება. ის დასძენს, რომ შეცვლილია ქართველი მომხმარებლის ქცევაც, რადგან ისინი თანხებს ზოგავენ. ამასთან, შემცირებულია საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობაც, რომლებიც მათი აქტიურო მომხმარებლები იყვნენ.
„სოციალური კონცეფციის მაღაზიის „ესკი“ საქმიანობასა და განვითარებაზე საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები მნიშვნელოვნად აისახა. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მთავარი გამოწვევაა გაყიდვების მაჩვენებლის ვარდნა, რასაც ერთი მხრივ საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორებს ვუკავშირებთ (აქ უნდა აღინიშნოს, რომ „ესკის“ მომხმარებელი უფრო მეტად დასავლეთიდან შემოდინებული ვიზიტორები არიან, რადგან სოციალური მეწარმეობის შესახებ ცნობიერება და სოციალურად პასუხისმგებლიანი შესყიდვების მნიშვნელობა მათთან უფრო მაღალია) და მეორე მხრივ, პოლიტიკურად არასტაბილური ვითარების გამო ქართველი მომხმარებლის ხარჯვითი ქცევის ცვლილებას. დამატებით, „ესკის“ საქმიანობაზე დადებითი გავლენა აქვს გამოფენა-გაყიდვებს, რომელიც წლის მანძილზე სხვადასხვა ლოკაციაზე ტარდება ხოლმე. დეკემბრის თვეში, ფაქტობრივად, ყველა მსგავსი ღონისძიება გაუქმდა და დღემდე გაჩერებულია ეს მიმართულება, რაც როგორც გაყიდვებზე, ისე ცნობადობაზე აისახება.
დეკემბერი - მარტის პერიოდზე დაკვირვებით, გაყიდვების მაჩვენებელი 1.5-ჯერ შემცირებულია. გარდა ყოველდღიურად გაუარესებული მდგომარეობისა, დასანანია, რომ არსებულ ქაოსში, კონცენტრირებული ვართ მხოლოდ გადარჩენაზე და ნაკლებად რჩება სივრცე განვითარებისთვის. ეს რეალობა კი დამაზიანებელია ჩვენნაირი სივრცეებისთვის“, - ამბობს სალომე კუსიანი.
მისი თქმით, სამომავლო პერსპექტივაში რაიმეს დაგეგმვა მათთვის გამოწვევაა, თუმცა სოციალური კონცეფციის მაღაზიაში სხვადასხვა მასტერკლასების მასპინძლობას გეგმავენ, რათა შემოსავლების დივერსიფიკაცია უზრუნველყონ.
“გაურკვეველი ვითარებისა და ბუნდოვანი რეალობის გამო, გვიჭირს წლის დაგეგმვა, თუმცა ჩვენი მიზანია, ვაძლიერებდეთ სოციალურ საწარმოებს და მათ მხარდასაჭერად გადავარჩინოთ სივრცე, რომელიც ბევრ ისტორიას ჰყვება მათზე“, - აცხადებს "ესკის" აღმასრულებელი დირექტორი.