კონკურენციის სააგენტო ძირითად სამომხმარებლო პროდუქტებზე წინასწარ მონიტორინგს და შეფასებას მუდმივ რეჟიმში ახორციელებს, მათ შორის, ფასწარმოქმნაზე მოქმედი ძირითადი ფაქტორების შეფასებას, - ამის შესახებ bm.ge-ს კონკურენციის სააგენტოში განუცხადეს.
შეგახსენებთ, მთავრობის გუშინდელ სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ შემოწმდება, რამდენად კეთილსინდისიერად მიმდინარეობს მარჟების დაწესება ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე.
„მე მქონდა საუბარი რამდენიმე დღის წინ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელთან, მასაც მივმართე თხოვნით, რომ კიდევ ერთხელ შეამოწმოს, რამდენად კეთილსინდისიერად მიმდინარეობს მარჟების დაწესება ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე“, - აღნიშნა პრემიერმა. მისივე თქმით, ფასები საწვავზე, მედიკამენტებზე, სურსათის ფართო მოხმარებად პროდუქტებზე არის დაკლებული და ამას მთავრობა რეგულარულად შეამოწმებს.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ბაზარზე სურსათის ფასების შემცირებისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმის შესახებ მთავრობის გეგმებზე, პირველად მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადა. ღარიბაშვილმა მაშინ ბიზნესები შეუსაბამოდ მაღალი ფასნამატისთვის გააკრიტიკა. საკითხზე კონკურენციის სააგენტომაც მოამზადა მოკვლევა, რომლის მიხედვითაც დისტრიბუციიდან საცალო მომხმარებლამდე მიღწევისთვის სასურსათო პროდუქტების ფასნამატი ხშირად 60%-80%-ის ფარგლებში იყო.
სურსათის ფასების გარდა, კონკურენციის სააგენტო საწვავის და მედიკამენტების ფასების მონიტორინგსაც ახორციელებს. ამჟამად სააგენტოში ფარმაცევტულ სექტორში - 5 კომპანიის მიმართულებით დაწყებული საქმის შესწავლა მიმდინარე რეჟიმშია. „კერძოდ, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლების (დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვა) შესაძლო დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, სააგენტო ბაზრის მოკვლევას 5 ეკონომიკური აგენტის მიმართ - სს „გეფას“, პს „ავერსიფარმა“, შპს „პსპ ფარმას“, შპს „მერმისს“ და შპს შპს “ეს კა იმპექსი” აწარმოებს. საკითხი ეხება - ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი, რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების მკვეთრ ზრდას და სავარაუდო, იდენტური ფასწარმოქმნის დაწესებას“, - აცხადებენ სააგენტოში. როდის დასრულდება აღნიშნული მოკვლევა, ჯერჯერობით უცნობია.
კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზრის მოკვლევა დაასრულა - 5 კომპანია 4 მლნ-მდე ლარით დაჯარიმდა