ჩვეულებრივი სისულელეა - რეორგანიზაცია გვაქვს დაწყებული და კიდევ ბევრი ადამიანი გათავისუფლდება, ვინც გასათავისუფლებელია და თავის უფლებამოვალეობას შესაბამისად ვერ ასრულებს, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას მერიის ზოგიერთი თანამშრომლის „პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებასთან“ დაკავშირებით.
როგორც კალაძე აღნიშნავს, თბილისის მერიის ზოგიერთი თანამშრომლის გათავისუფლების მიზეზი მათი „ხელშეკრულების დამთავრება“ გახდა.
„ჩვეულებრივი სისულელეა. რეორგანიზაცია გვაქვს დაწყებული და კიდევ ბევრი ადამიანი გათავისუფლდება, ვინც გასათავისუფლებელია და თავის უფლებამოვალეობას შესაბამისად ვერ ასრულებს. გიგა სოფრომაძესაც და მაგ ადამიანსაც [თაია მახარაშვილს] დაუმთავრდათ ხელშეკრულება. ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება. როდესაც შენს თანამშრომელს ხელშეკრულება უმთავრდება, შენ იღებ გადაწყვეტილებას, გაუგრძელო მას ხელშეკრულება, გჭირდება, არ გჭირდება ან ასრულებს თუ არა დავალებას და სამსახურებრივ მოვალეობას შესაბამის დონეზე, რომელიც შენ და შენს სამსახურს აკმაყოფილებს.
ბევრი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ ადამიანების, რომლებსაც ჰქონდათ და აქვთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, განსხვავებული დამოკიდებულება, რომლებმაც მაგალითისთვის ხელი მოაწერეს იმ პეტიციას და ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას“,- განაცხადა კახა კალაძემ.
საქმე ის არის, რომ თბილისის მერიის თანამშრომელთა ნაწილი „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას გაემიჯნა. მერიის თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან. რის შემდეგაც, სამსახურიდან არა ერთი საჯარო მოხელე გაუშვეს. გათავისუფლებულები ფაქტს საკუთარ პოზიციას უკავშირებენ.
"გამოვაცხადეთ რეორგანიზაცია" - მერი "ოცნების" ნაბიჯს გამიჯნული თანამშრომლების განცხადებას აფასებს




























