მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამშენებლო კომპანია „ათორის“ 300-მდე დაზარალებული თბილისის მერიას დახმარებას სთხოვს

62ac365c3bbed
ვიქტორია მღებრიშვილი
17.06.22 12:20
2080
კომპანია „ათორის“ მიერ 300-მდე დაზარალებული თბილისის მერიას მათი პრობლემის მოგვარებას სთხოვს. ამ მიზნით ისინი დღეს მერიასთან აქციას მართავენ.

კომპანიის ერთ-ერთი დაზარალებული, რომელიც „ათორის“ მიერ საირმის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში ბინას ფლობს, BM.GE-სთან აცხადებს, რომ კომპანია „ათორმა“ თბილისის სხვადასხვა უბანში საცხოვრებელი ბინების მშენებლობა 2017 წლიდან დაიწყო და ბინების მრავალჯერადად გასხვისების და მესაკუთრეთა ფართების იპოთეკით დატვირთვის შედეგად თანხები თაღლითურად დაისაკუთრა. ამასთან კომპანია საშემოსავლო გადასახადსაც არ იხდიდა. 2020 წელს კომპანიის ხელმძღვანელი ბესიკ თხელიძე პასუხისგებაში მიეცა, ხოლო ქონება დააყადაღეს.

„ბესიკ თხელიძემ კერძო მეპატრონეების ბინები იპოთეკით დატვირთა, ხოლო კონკრეტულად ჩემი ბინა, რომელიც საირმეზე მდებარე მშენებარე კორპუსშია რამდენჯერმე გაყიდა სხვადასხვა პირზე. ამგვარად ამ კომპანიამ დაახლოებით 300-მდე ოჯახი დააზარალა და ნაწილი უსახლკაროდაც დატოვა. ჩემი ინფორმაციით, ზარალი 21 მლნ დოლარს შეადგენს, ამიტომ ჩვენს დახმარებას მერიას ვთხოვთ“, - განაცხადა „ათორის“ ერთ-ერთმა დაზარალებულმა ლია ვეზდენმა.

სამშენებლო კომპანიის დაზარალებული ამბობს, რომ მერიისგან დაუსრულებელი მშენებლობის პროგრამის ფარგლებში მათი მდგომარების გათვალისწინებას და საკითხის გადაჭრას ითხოვენ.

„ჩვენ აქამდეც გვქონდა კომუნიკაცია თბილისის ვიცე-მერ ილია ელოშვილთან, მან სიტყვიერად ამ საკითხის შესწავლა „თეთრ კვადრატს“ დაავალა, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ საკითხი ახალ ვიცე-მერს გადაებარა, რომელიც შესწავლის პროცესშია. აქედან გამომდინარე მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძემ გვითხრა, რომ „ათორის“ დაზარალებულთა საკითხი წლის ბოლომდე გადაიდო, ეს ძალიან გვაზარალებს. მე და ძალიან ბევრი პირი სახლის გარეშე ვართ დარჩენილები და ამ პრობლემის სამართლებრივ გადაწყვეტას ვითხოვთ, ისევე როგორც სხვა დაუსრულებელი მშენებლობების შემთხვევაში მოხდა. ჩვენი ერთადერთი იმედი მხოლოდ მერიაა“, - უთხრა BM.GE-ს ლია ვეზდენმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები