TBC Capital-ის შეფასებით, გასულ წლებში მშენებლობის გაძვირება სამშენებლო მასალებზე ფასების რეკორდული ზრდით იყო გამოწვეული.
ამან მშენებლობის დანახარჯების მთლიანი ინდექსი დაახლოებით 45–50%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ 2023–2025 წლებში ფასი დასტაბილურდა, ის კვლავ მნიშვნელოვნად აღემატება პანდემიამდელ ნიშნულს.
კერძოდ, საინვესტიციო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2020-2022 წლებში სამშენებლო სექტორში მასალების ფასის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, რაც გლობალური მიწოდების ჯაჭვის შეფერხებით, ნედლეულზე ფასების მკვეთრი მატებითა და გაზრდილი მოთხოვნით იყო გამოწვეული. შემდგომ 2023-2025 წლებში კი ფასი მაღალ ნიშნულებზე დასტაბილურდა. ამან გავლენა იქონია მშენებლობის თვითღირებულებაზე, განსაკუთრებით კი გზებისა და სხვა მსხვილი პროექტების მშენებლობაზე.
სამშენებლო მასალების ფასების ინდექსი, რომელიც 2020 წლის დასაწყისში 95-100 პუნქტს შეადგენდა, 2022 წლის შუა პერიოდში 146.3-მდე გაიზარდა, რაც პანდემიამდე პერიოდთან შედარებით 46%-იანი ზრდა იყო. მართალია, 2022 წლის ბოლოსა და 2023 წლის დასაწყისში ფასის მცირედი კლება დაფიქსირდა, თუმცა 2021 წლამდე არსებულ მდგომარეობასთან შედარებით, კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება.
TBC Capital-ის თანახმად, სამშენებლო სეგმენტებს შორის, ფასის ყველაზე მკვეთრი მატება კომუნალურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში გამოვლინდა. საგზაო და სარკინიგზო მშენებლობის მიმართულებით ფასები შედარებით ზომიერად გაიზარდა, თუმცა კვლავ მნიშვნელოვნად აღემატება პანდემიამდელ ნიშნულს.
ვინაიდან საგზაო მშენებლობა მნიშვნელოვნად ბიტუმსა და ბეტონზეა დამოკიდებული, ამ სეგმენტში ფასების დინამიკა დაკავშირებულია ნავთობისა და ენერგორესურსების გლობალურ ბაზართან. მთლიანობაში, TBC Capital-ის შეფასებით, სამშენებლო მასალების ფასი მაღალ ნიშნულზე რჩება, რაც ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის კვლავ დიდ ხარჯებს წარმოადგენს.
2025 წლის 9 თვეში ბიტუმის მთლიანი იმპორტი წლიურ ჭრილში 27%-ით შემცირდა, რაც საინვესტიციო ბანკის შეფასებით, სავარაუდოდ, ინფრასტრუქტურული პროექტების შეფერხებას უკავშირდებოდა.
2025 წლის 9 თვეში ცემენტზე მოთხოვნა წლიურად მცირედით, 2%-ით შემცირდა და 2.29 მილიონი ტონა შეადგინა. ამავდროულად, ასფალტ-ბეტონის წარმოებამ 1.24 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-იანი კლებაა. ესეც ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შეფერხებით იყო გამოწვეული. რაც შეეხება არმატურას, 2025 წლის 9 თვეში მოთხოვნა წლიურად 11%-ით შემცირდა (491 ათასი ტონიდან 435 ათას ტონამდე).




























