მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Samsung Biologics-მა PolyPeptide Group-ის შესაძენად $1.8-მილიარდიანი წინადადება წარადგინა

Samsung Biologics

სამხრეთ კორეული ტექნოლოგიური გიგანტის, Samsung-ის სამედიცინო მიმართულების შვილობილმა კომპანია Samsung Biologics-მა შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია PolyPeptide Group-ის შესაძენად 1.46 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის ($1.8 მლრდ.) ღირებულების წინადადება წარადგინა.

როგორც ირკვევა, გარიგების ფარგლებში აქციონერები თითოეული აქციის სანაცვლოდ 44.31 შვეიცარიულ ფრანკს მიიღებენ. კომპანიებში აღნიშნავენ, რომ თუ კორპორაციული გარიგება შედგა, პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება.

იმ ფონზე, რომ გლობალურ ბაზარზე სიმსუქნის სამკურნალო მედიკამენტებზე მოთხოვნა მკვეთრად იზრდება, სამხრეთკორეული მწარმოებელი PolyPeptide Group-ის შეძენით მიზნად პეპტიდური თერაპიის მიმართულებით გაფართოებას ისახავს. არსებული ინფორმაციით, ეს შენაძენი სამხრეთ კორეის ბიოფარმაცევტულ ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გარიგება იქნება. კომპანიაში მოელიან, რომ ხელშეკრულება აშშ-ის, ინდოეთისა და ევროპის მასშტაბით კომპანიის კვლევით თუ საწარმოო შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდის.

„სტრატეგიული ვარიანტების სიღრმისეული განხილვის შემდეგ საბჭო დარწმუნდა, რომ სწორედ ეს არის ის ერთადერთი გარიგება, რომელიც ჩვენთვის და ჩვენი აქციონერებისთვის მიმზიდველი იქნება" - განაცხადა PolyPeptide Group-ის თავმჯდომარემ, პიტერ ვილდენმა.

ცნობისთვის, შვეიცარიაში დაფუძნებული PolyPeptide Group-ი 1996 წელს ფარმაცევტულ კომპანია Ferring-ს გამოეყო. მათ მიერ შექმნილი პეპტიდური თერაპია ამინომჟავებისგან დამზადებულ მედიკამენტებს აერთიანებს და სიმსუქნისა თუ დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები