სამხრეთ კორეული ტექნოლოგიური გიგანტის Samsung Electronics-ის მოგებამ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. საუბარია 37.9 მილიარდ დოლარზე, რაც, მეტწილად, ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაზე გაზრდილი მოთხოვნითა და ჩიპებზე ფასების მატებითაა გამოწვეული.
ეს შედეგი 8-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და საგრძნობლად აჭარბებს ანალიტიკოსების მოლოდინებს. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით შთამბეჭდავია იმ ფონზე, რომ 2026 წლის პირველი კვარტალის მოგება Samsung-ის მთლიანი გასული წლის მოგებასაც კი სცდება. აღნიშნული ზრდა უმეტესწილად ნახევარგამტარების გაყიდვებს უკავშირდება, რომელზეც არსებული მონაცემებით, მთლიანი მოგების 95% მოდის.
აღსანიშნავია, რომ ხელოვნური ინტელექტის ბუმმა ბაზარზე ტრადიციული ჩიპების დეფიციტი გამოიწვია. მხოლოდ პირველ კვარტალში ჩიპების ფასი თითქმის გაორმაგდა. კვლევითი ორგანიზაცია TrendForce-ის პროგნოზით კი ეს ტენდენცია მიმდინარე კვარტალშიც შენარჩუნდება და DRAM-ის ტიპის მეხსიერების ბარათებზე ფასები 50%-ით გაიზრდება. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კვარტალური მოგების გამოქვეყნების შემდეგ Samsung-ის აქციების ღირებულება სამხრეთ კორეულ საფონდო ბირჟაზე 4.6%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე $134 შეადგინა.
პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, სექტორში გარკვეული რისკებიც იკვეთება, რაც პირველ რიგში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებებითაა გამოწვეული. ანალიტიკოსები შიშობენ, რომ აშშ-ის, ისრაელისა და ირანის კონფლიქტის ფონზე გაზრდილი ენერგოხარჯები AI მონაცემთა ცენტრების მხრიდან ჩიპებზე მოთხოვნის შემცირებას გამოიწვევს. ამასთან, ენერგეტიკული კრიზისი, გარკვეულწილად, წარმოებისთვის საჭირო მასალების მიწოდებასაც შეაფერხებს. ექსპერტების შეფასებით, მეხსიერების ბარათების ფასების პიკური პერიოდი, მაღალი ალბათობით, უკვე დასრულდა, რაზეც შესაძლოა მიუთითებდეს ის ფაქტიც, რომ გასულ კვირას DRAM-ის ტიპის ჩიპების საბაზრო ფასების ბოლო თვეების განმავლობაში პირველად შემცირდა.




























