სამხრეთ კორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Samsung-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, მეოთხე კვარტალში ოპერაციული მოგება გასამმაგდა, რაც თავიდან ბოლომდე მათი წარმოების მეხსიერების ბარათებზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდითა და AI ინდუსტრიის განვითარებითაა განპირობებული. აღსანიშნავია, რომ ამერიკული Intel-ისაგან განსხვავებით, ტექ-გიგანტი მოთხოვნის დროულად დაკმაყოფილებას ახერხებს, რაც მისდამი დამკვეთების ნდობას ზრდის. დამატებითი ფაქტორია ბარათების ხარისხიც, რითაც Samsung-მა SK Hynix-ისთვის კონკურენციის გაწევა და Nvidia-ს დაინტერესება შეძლო.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემოსავლები 24%-ით არის გაზრდილი და $65.7 მილიარდი დოლარი შეადგინა, საოპერაციო მოგების თვალსაზრისით კი საუბარი გვაქვს $14.1 მილიარდზე, რაც 200%-იანი ზრდაა. ამ შედეგით Samsung-მა სკეპტიკოსი ანალიტიკოსების ყველა მოლოდინს გადააჭარბა და მოახერხა შიდა გეგმის სრულყოფილად შესრულება. ცნობისთვის, შემოსავლების ზრდის კუთხით სამხრეთ კორეულმა კომპანიამ ასეთი მაღალი შედეგით 2018 წლის რეკორდი გააუმჯობესა. როგორც ტექ-გიგანტის აღმასრულებელ დირექტორმა ინვესტორებთან შეხვედრისას განაცხადა, ეს ზრდა სწორედ მეხსიერების ბარათების ფასების მკვეთრი ზრდის დამსახურებაა. Samsung-ში მოელიან, რომ მიმდინარე წელს ტენდენცია შენარჩუნდება. 2026 წლის პირველ კვარტალში კომპანია არსებული რეკორდის მოხსნასაც ვარაუდობს.
აღსანიშნავია, რომ თუ AI მონაცემთა ცენტრებისთვის განკუთვნილი მეხსიერების ბარათების გაყიდვა მკვეთრად გაიზარდა, არასახარბიელო შედეგია მობილური ტელეფონების მიმართულებით. ამ მხრივ შემოსავლების კლება დაფიქსირდა. Samsung-ში მიზეზად გაზრდილ ჩინურ და ამერიკულ კონკურენციას ასახელებენ. თუმცა ეკრანების გაყიდვების კუთხით შემოსავლები გაორმაგდა, რაც მობილური მოწყობილობების მწარმოებლების მხრიდან მოთხოვნის ზრდითაა განპირობებული. სამხრეთ კორეული ტექ-გიგანტი მომავალ პერიოდში ყურადღების მეტად გადატანას მეხსიერების ბარათების განვითარებაზე აპირებს.



























