მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Samsung-მა Galaxy Z TriFold-ის გაყიდვები ბაზარზე გამოჩენიდან სულ რაღაც 3 თვეში შეაჩერა - რატომ?

Samsung Galaxy Z TriFold

ტექნოლოგიურმა გიგანტმა Samsung-მა ექსპერიმენტული სმარტფონის, Galaxy Z TriFold-ის გაყიდვები აშშ-სა და სამხრეთ კორეაში ოფიციალურად შეაჩერა.

მიუხედავად იმისა, რომ $2,899 დოლარის ღირებულების მოწყობილობა გაყიდვაში მხოლოდ მიმდინარე წლის იანვარში ჩაეშვა, კომპანიამ მისი წარმოების ციკლი უკვე დაასრულა.

როგორც ირკვევა, აღნიშნული გადაწყვეტილება არა მოთხოვნის ნაკლებობამ, არამედ პროდუქტის სტრატეგიულმა ხასიათმა განაპირობა - სამხრეთ კორეული გამოცემა Dong-A Ilbo-ს ცნობით, 10-ინჩიანი „ჰიბრიდი“ თავიდანვე „ტექნოლოგიური შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის“ იყო შექმნილი და არა მასობრივი მოგებისთვის.

აღსანიშნავია, რომ სმარტფონი, რომელიც გაშლილ მდგომარეობაში პლანშეტის ფუნქციას ასრულებს, აშშ-ში გაყიდვების დაწყებისთანავე რამდენიმე წუთში სრულად ამოიწურა. ექსპერტების განმარტებით, სამმაგი დასაკეცი მექანიზმის მქონე მოწყობილობების სეგმენტში კონკურენცია მზარდია, რასაც ჩინური გიგანტის, Huawei-ს მიერ გაყიდული 1.2 მილიონი მსგავსი ერთეულიც ადასტურებს. ამასთან, წარმოების პროცესში პრობლემას ქმნის AI-ტექნოლოგიებთან დაკავშირებული კომპონენტების, კერძოდ DRAM და NAND მეხსიერების ჩიპების გაძვირება, რაც $3,000 დოლარამდე ღირებულების ტელეფონის მასობრივ წარმოებას ეკონომიკურად წაგებიანს ხდის.

შეგახსენებთ, რომ Galaxy Z TriFold პირველად 2025 წლის დეკემბერში წარადგინეს, როგორც Samsung-ის პასუხი დასაკეც ტელეფონებზე მზარდ კონკურენციაზე. სიცხადისთვის, მოწყობილობა დაკეცილ მდგომარეობაში 12.9 მილიმეტრის სისქისაა, რაც მომხმარებელთა ნაწილისთვის მოუხერხებელი აღმოჩნდა, თუმცა ინოვაციური დიზაინის გამო პრემიუმ სეგმენტში მაინც დიდი ინტერესი გამოიწვია. Bloomberg-ის ინფორმაციით, კომპანიის ხელმძღვანელობას ჯერ არ გადაუწყვეტია, დააბრუნებს თუ არა ბაზარზე ამ მოდელის განახლებულ ვერსიას, თუმცა ამ ეტაპზე პროექტი დასრულებულად მიიჩნევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები