კორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Samsung-მა ახალი სმარტფონი - Galaxy S25 Edge წარადგინა, რომელიც ულტრა-თხელი მოწყობილობების კატეგორიას განეკუთვნება. S25 Edge-ის სისქე 5.8 მილიმეტრს შეადგენს და ის სულ რაღაც 163 გრამს იწონის, რაც მძლავრი სმარტფონისთვის გასაოცარ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს.
შედარებისთვის, S25 Ultra-ს სისქე 8.2 მილიმეტრს აღწევს და მისი წონა 218 გრამის ფარგლებშია, ანუ ახალი სმარტფონი 30%-ით უფრო თხელია და 25%-ით უფრო მსუბუქია, ვიდრე Samsung-ის ფლაგმანური მოდელი.
ბუნებრივია, ასეთი თხელი დიზაინის ქონა გარკვეულ დათმობასთან არის დაკავშირებული. მაგალითად, S25 Edge-ს მხოლოდ ორი კამერის მოდული აქვს და ის არ არის აღჭურვილი ტელეფოტოკამერით.
ასევე, თხელი დიზაინი ავტომატურად მოიაზრებს მცირე ზომის ბატარეას, რომლის მოცულობა ახალ სმარტფონში 3,900 mAh-ს შეადგენს, ნაცვლად S25 Ultra-ში წარმოდგენილი 5,000 mAh-ისა.
ნაკლებ შესაძლებლობებთან ერთად, S25 Edge-ს მაღალი ფასიც გამოარჩევს, რომელიც S25 Plus-ზე 100 დოლარით ძვირი ღირს, თუმცა S25 Ultra-ზე $200-ით იაფია, რაც ლოგიკურია, რადგან ის საშუალო სეგმენტზე გათვლილი სმარტფონია და არც ულტრა-ფლაგმანი.
საერთო ჯამში, ვისზე არის გათვლილი S25 Edge? - ეს არის სმარტფონი იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც სურთ 6.7 დუიმის მოცულობის ეკრანის, 200MP-იანი კამერის და მძლავრი პროცესორის ისე მიღება, რომ არ მოუწიოთ სმარტფონის დიდ ზომებთან და წონასთან გამკლავება, რაც Ultra-სერიის ერთ-ერთი მთავარი მინუსია, რადგან ის, ყველანაირი თვალსაზრისით, კოლოსალური მასშტაბებისაა, რასაც S25 Edge-ზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. 




























