დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს მდიდარმა და გავლენიანმა ამერიკელმა ბიზნესმენმა ახალი როლი შეითავსა და პირდაპირ თუ ირიბად აქტიურ პოლიტიკაში ჩაება, რაც გასაკვირი არ არის, რადგან მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის პრეზიდენტი თავადაც მილიარდერია.
დონალდ ტრამპის სამთავრობო ადმინისტრაცია ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მდიდარია, რადგან იქ არაერთ მილიონერს ვხვდებით. მილიონერები და მილიარდერები არც დონალდ ტრამპის ფინანსურ მხარდაჭერაზე ამბობენ უარს, რაც $200-მილიონიან საინაუგურაციო ფონდში გადარიცხული დიდძალი თანხებითაც დასტურდება.
თუმცა თუ ბევრი ბიზნესმენი დონალდ ტრამპთან შედარებით ფარულად თანამშრომლობს, არსებობს ადამიანი, რომელიც ამერიკულ პოლიტიკაში ოფიციალურად ჩაება. ეს ადამიანი მსოფლიოს უმდიდრესი ანტრეპრენიორი ილონ მასკია, რომელიც დონალდ ტრამპმა ახლად შექმნილი “სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის” ხელმძღვანელად დანიშნა — პრეზიდენტთან არსებული ორგანიზაციის, რომლის მანდატი ქვეყნის ფედერალური ბიუჯეტის მკვეთრ შემცირებას გულისხმობს. აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტი ამჟამად $6.5 ტრილიონის ტოლია და ილონ მასკს სურს, ეს თანხა წლიურად $2 ტრილიონით შეამციროს.
კონკრეტულად რა გზებით აპირებს ილონ მასკი აშშ-ის ხელისუფლების ეფექტიანობის გაზრდას, ჯერჯერობით, უცნობია, მაგრამ ერთი, რაც დანამდვილებით ვიცით ისაა, რომ ახლად შექმნილი უწყების ხელმძღვანელად დანიშვნის გამო მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი უკვე რამდენიმე სასამართლო დავაში გაეხვია. როგორც მოსარჩელე მხარე ამბობს, აღნიშნული დეპარტამენტი ფედერალური მრჩეველთა კომიტეტივით ფუნქციონირებს, ხოლო ამ ტიპის ორგანიზაციის დაკომპლექტების პროცედურას სპეციალური დოკუმენტი არეგულირებს.
მოსარჩელეები ამბობენ, რომ ამ ტიპის ორგანიზაცია ინკლუზიურად უნდა დაკომპლექტდეს და მის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური წრეების წარმომადგენლები გაერთიანდნენ, რაც “სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის” შემთხვევაში ასე არ მომხდარა, რადგან კომიტეტის მუშაობის პრინციპებს, ისევე, როგორც მის თანამშრომლობს თავად ილონ მასკი და ვივეკ რამასვამი ადგენენ. ამასთან, როგორც სარჩელში ვკითხულობთ, DOGE-ის შემადგენლობაში ახლა უმეტესწილად ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმომადგენლები და დონალდ ტრამპის, ილონ მასკის და ვივეკ რამასვამის ახლო გარემოცვის წევრები არიან.