მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამტრედია-გრიგოლეთის გზის I და IV მონაკვეთების მშენებლობა დასკვნით ფაზაშია - რა გამოწვევის წინაშეა კონტრაქტორი?

63903d70e628f
ინგა მურუსიძე
07.12.22 11:15
6538
„დასკვნით ეტაპზეა სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის პროექტის I და IV მონაკვეთების მშენებლობა. მე-4 მონაკვეთზე, ფაქტობრივად, დასრულებულია ყველა ძირითადი სამუშაო, საფარის ჩათვლით, სადაც წლის ბოლომდე ვგეგმავთ მოძრაობის გახსნას. მაღალი ტემპით მიმდინარეობს სამუშაოები პირველ მონაკვეთზეც, თუმცა, მთავარ გამოწვევად რჩება მდინარე რიონზე მშენებარე ხიდი. ხიდის ბურჯების დიდი ნაწილი ამოყვანილი და მომზადებულია შემდგომი სამუშაოებისათვის. კონტრაქტორი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ჩართულობით, მაქსიმალურად ცდილობს გამოწვევა დროულად გადაიჭრას და შემდგომი სამუშაოებიც, ასევე მაღალი ხარისხით გაგრძელდეს,“-ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის მონაკვეთებზე მიმდინარე სამუშაოების ადგილზე გაცნობის შემდეგ განაცხადა.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამტრედია-გრიგოლეთის მეოთხე, 9.5 კილომეტრიან მონაკვეთზე უკვე დასრულებულია 2 ხიდის, 1 სატრანსპორტო კვანძის, რკინაბეტონის მიწისქვეშა გასასვლელისა და წყალგამტარი მილის მშენებლობა. უახლოეს პერიოდში დაიწყება გარე განათების სისტემის მოწყობის სამუშაოებიც. გზის ეს მონაკვეთი გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფლების ხაჟალიას და ახალსოფლის ჩრდილოეთით, კვეთს სოფელ სუფსას გარკვეულ ნაწილს და უერთდება სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის არსებულ გზას. პროექტი ევროპის საინვეტიციო ბანკის (EIB) მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 113 მილიონი ლარია. წლის ბოლომდე, გზის ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნება.

ამასთან, უწყების ცნობით, აქტიურად გრძელდება სამუშაოები სამტრედია-გრიგოლეთის პირველ, 11.5 კმ-იან მონაკვეთზეც, რომელიც გაივლის ქალაქ სამტრედიას და სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის 4 სოფელს (ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისს, გაუწყინარს). სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 73 მილიონი ლარით ფინანსდება.

„მთლიანობაში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ პირველი მონაკვეთის დასრულების შემდეგ, არგვეთას კვანძიდან ლანჩხუთამდე ჩვენ გვექნება 86კმ-იანი 4 ზოლიანი მაგისტრალური გზა. მოძრაობა გახსნილი იქნება მე-4 მონაკვეთის 10 კმ-ზეც. სამუშაოები დარჩენილ მონაკვეთებზე კი, გამოწვევების მიუხედავად, მაღალი ტემპით გაგრძელდება,“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია, სადაც 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის მშენებლობაა მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები