მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამწუხარო იქნება EU-დან დახმარება თუ შეწყდება, მაგრამ არა ჩვენთვის, რადგან ჩვენ არცერთ პროექტს არ შევაჩერებთ - ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი

სამწუხარო იქნება EU-დან დახმარება თუ შეწყდება, მაგრამ არა ჩვენთვის, რადგან ჩვენ არცერთ პროექტს არ შევაჩერებთ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, თუ ევროკავშირი დახმარებას შეწყვეტს, ეს ქართველი ხალხისთვის შეწყვეტილი დახმარება იქნება.

"როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას შევუწყვეტთ, ეს არ არის საქართველოს ხელისუფლებისთვის დახმარება, დახმარება არის ქართველი ხალხისთვის, იმიტომ, რომ ნებისმიერი თანხა, რომელიც ბიუჯეტში ხვდება, ის იხარჯება ქართველი ხალხის ინტერესებისთვის. ეს მთავრობის წევრების ბენეფიტებზე ან სხვა ხელისუფლების წარმომადგენლების სიკეთეებისთვის არ მიემართება, ეს მიემართება კონკრეტული პროექტების შესასრულებლად. საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ვფიქრობ, საბოლოოდ ევროკავშირის გადაწყვეტილება რაციონალური იქნება და ასეთი რამ არ მოხდება. თუ ასეთი რამ მოხდა, რა თქმა უნდა, იქნება სამწუხარო არა ჩვენთვის, რადგან ჩვენ არცერთ პროექტს არ შევაჩერებთ, ყველა პროექტს გავაგრძელებთ", - განაცხადა მან.

კითხვას, დაფინანსების შეჩერების შემთხვევაში, საქართველოს ბიუჯეტიდან შეივსება თანხები? - დავითაშვილმა უპასუხა რომ კი.

"ბუნებრივია, საქართველოს ბიუჯეტი ყველა იმ პროექტს, რომელიც გათვალისწინებულია, გავაგრძელებთ, დაფინანსების შეჩერების მიუხედავად. არ ვამბობთ პრიორიტეტებზე უარს და ამის რესურსები ქვეყანას გააჩნია, მაგრამ ეს არ იქნება სასარგებლო ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის. ამ პროექტში ჩართული ხალხისთვის აღქმები იქნება ნეგატიური. იმედი მაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება გადახედილი. ჩვენი ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამაზე საარჩევნო პროგრამაში პრემიერი საუბრობდა. გვაქვს მოლოდინი, რომ 2028 წლისთვის ბიუჯეტი იქნება 40 მილიარდი ლარი. შესაბამისად, რამდენიმე წლიან პერსპექტივაში 121 მილიონი ევროს, ან სხვა მნიშვნელოვანი დახმარებების ჩანაცვლებას შევძლებთ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა, რომ საქართველო დაკარგავს ევროკავშირის დახმარებას 121 მილიონი ევროს ოდენობით ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები