სამწუხაროა, რომ ეუთო/ოდირს დროული მიწვევა არ მიუღია, - ამის შესახებ განცხადებას შვედეთის საგარეო უწყება პლატფორმა X-ზე აქვეყნებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ.
"სამწუხაროა, რომ ეუთო/ოდირს დროული მიწვევა არ მიუღია, რათა შესაძლებელი ყოფილიყო საქართველოს მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების შინაარსიანი დაკვირვება,
საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებები საფრთხეს უქმნის საარჩევნო მთლიანობას. ამავდროულად, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის მიმართ რეპრესიები გრძელდება. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, მათ შორის ეუთოს საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებით“, - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ეუთო/ოდირი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად მოიწვია. თუმცა, გუშინ ეუთო/ოდირის განცხადება გავრცელდა, სადაც წერია, რომ მუნიციპალურ არჩევნებზე დასაკვირვებლად მისიას არ გამოგზავნიან.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ოდირი) დირექტორმა, მარია ტელალიანმა განაცხადა, რომ "საქართველოსგან არჩევნებამდე მოკლე დროში მოწვევა ეფექტიან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის".
The lack of a timely invitation to allow for meaningful observation of Georgia’s upcoming local elections by @osce_odihr is regrettable. Recent amendments to Georgia’s electoral legislation jeopardise election integrity. Meanwhile, repression against civil society and opposition… https://t.co/L0I6USbS6K
— Swedish Ministry for Foreign Affairs (@SweMFA) September 10, 2025




























