კომპანია „მკისას“ კომერციული დირექტორის გიორგი გუდაბანძის შეფასებით, საქართველო არაა იმ ზომის ბაზარი, რომ ერთმანეთის კონკურენტები ვიყოთ. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა და მწარმოებლებს კოლაბორაციისკენ მოუწოდა.
გიორგი გუდაბანძის აზრით, რომელიც საქართველოს ექსპორტის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელიცაა, კოოპერაციის გარეშე, საქართველოს ექსპორტიორებს მომავალი არ გააჩნია.
კომპანია „მკისას“ ბოლნისში 40 ჰა-ზე გაშენებული აქვს ნუშის ბაღი - პირველი მოსავალი შარშან მიიღეს, ხოლო წყალტუბოსა და ხობში 55 ჰა-ზე მოცვის პლანტაციებს ფლობს და პირველ მოსავალს წელს ელოდებიან.
"ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზა არის კოლაბორაცია, კოოპერაცია და ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქციის საექსპორტო ბაზრებზე ერთობლივი ძალებით რეალიზაცია. კოლაბორაციის კარგი მაგალითია ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაცია, რომლის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი „მკისაა“. ასოციაცია ლურჯი მოცვის პლანტაციების მფლობელ რამდენიმე კომპანიას აერთიანებს.
კოოპერაციამ დადებითი შედეგები უკვე მოიტანა თითოეული კომპანიისთვის - დაწყებული ბაღის მენეჯმენტით, რეალიზაციით დამთავრებული. ერთად მუშაობა გვეხმარება იმაში, რომ ვესაუბროთ მსხვილ შემსყიდველებს ევროკავშირის ბაზრიდან, დიდი ბრიტანეთიდან და გალფის ქვეყნებიდან. არ მიმაჩნია, რომ იმხელაა საქართველოს ბაზარი, რომ ერთმანეთის კონკურენტები ვიყოთ. გაერთიანების გარეშე, ვერცერთ მსხვილ შემსყიდველთან ვერ დავამყარებთ გრძელვადიან ბიზნესურთიერთობებს. კოოპერაცია გადარჩენის და წარმატების ერთადერთი გზაა“, - განაცხადა გიორგი გუდაბანძემ.
გარდა ამისა, მან „მკისას“ მაგალითზე ვრცლად ისაუბრა ბაზრის კვლევის აუცილებლობაზე და იქვე აღნიშნა, რომ „სამწუხაროდ, საქართველოში ბაზრის კვლევის კულტურა ჯერ კიდევ არ გვაქვს“.
„მკისას“ მენეჯმენტი ვიდრე ინვესტიციებს განახორციელებდა მოცვის და ნუშის პლანტაციებში, ძალიან ღრმა და ყოვლისმომცველი კვლევები ჩავატარეთ, როგორც წარმადობასთან მიმართებით, ისე სარეალიზაციო ბაზრებთან მიმართებით, რადგან საბოლოოდ, ყველაზე მნიშვნელოვანია იმ პროდუქციის გაყიდვა შევძლოთ, რომელსაც ვაწარმოებთ. მოვიკვლიეთ ის ბაზრები, სამომხმარებლო სეგმენტი, სადაც როგორც ნუშის, ისე მოცვის რეალიზაციას შევძლებდით. სამწუხაროა რეალობაა, რომ საქართველოში ბაზრის კვლევის კულტურა ჯერ კიდევ არ გვაქვს. ვისურვებდი, ამ მხრივ ბევრად კარგი სიტუაცია იყოს, რადგან ბაზრის კვლევის გარეშე ინვესტიციების განხორციელებას, ძალიან ცუდ შედეგებამდე მივყავართ“, - დასძინა გიორგი გუდაბანძემ.