მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამუშაო ადგილებზე იკვეთება სხვადასხვა ნიშნით არათანაბარი მოპყრობის შემთხვევები - ომბუდსმენის 2022 წლის ანგარიში

იოსელიანი
BM. GE
20.10.23 19:00
65

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, უმუშევრობა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ლევან იოსელიანმა დღეს პარლამენტში 2022 წლის ანგარიში წარადგინა.

"მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებთან შედარებით უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირებულია, არსებული მონაცემები 11 პროცენტით აღემატება ევროკავშირის ქვეყნების უმუშევრობის დონის საშუალო მაჩვენებელს. სამწუხაროდ, ასევე არასაკმარისია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით გატარებული ღონისძიებები.

რაც შეეხება დასაქმებულებს და მათთან დაკავშირებულ გამოწვევებს, 2020 წელს ქვეყანაში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის პოზიტიური რეფორმის და დასაქმებულთა შრომის უფლების დაცვის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობის სათანადოდ აღსასრულებლად დიდი ძალისხმევაა გასაწევი. ამ გარემოებას ადასტურებს სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის 2021-2022 წლების ანგარიშებში ასახული ინფორმაციაც. მნიშვნელოვანია გაგრძელდეს დასაქმებულთა შრომის უფლებებთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები. ასევე, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის ჩამოყალიბდეს კონსტრუქციული დიალოგის კულტურა და შრომის პირობებთან დაკავშირებით დასაქმებულთა მიერ გამოთქმული უკმაყოფილება არ გახდეს მათი დევნის საფუძველი.

პრობლემად რჩება მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე დამსაქმებლების მხრიდან შრომის უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფა - არ გამოიყენება კოლექტიური დაცვის საშუალებები, არ ფასდება რისკები, არ ტარდება ინსტრუქტაჟი და დასაქმებულები არ არიან აღჭურვილნი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. დამსაქმებლები სათანადო წესით არ აღრიცხავენ დასაქმებულთა სამუშაო საათებს და ხშირად შრომით ხელშეკრულებაში არ ასახავენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესს.

როგორც წინა სახელშეკრულებო ეტაპზე, ისე სამუშაო ადგილზე იკვეთება სხვადასხვა ნიშნით არათანაბარი მოპყრობის შემთხვევები. 2022 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილ საქმეებში, რამდენიმე საჯარო დაწესებულებაში განსხვავებული მოსაზრების გამო დასაქმებულთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტები გამოიკვეთა.

სამუშაო ადგილებზე ღირსეული შრომის პირობების შესაქმნელად, გარდა საკანონმდებლო რეგულაციების სრულყოფისა, მნიშვნელოვანია, რომ უფლებამოსილმა უწყებებმა, როგორც დამსაქმებლებთან, ისე დასაქმებულებთან აწარმოონ ცნობიერების ამაღლების ეფექტიანი კამპანია", - წერია ომბუდსმენის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები