ვაქცინაცია, საერთაშორისო ბაზრები, სამუშაო ძალა - სწორედ ეს სამი ფაქტორია დასახელებული “თიბისი კაპიტალის“ კვლევაში, რომელიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ტურიზმის მოკლე და საშუალოვადიან გამოწვევებს ეხება.
კერძოდ, კვლევის ავტორების მოსაზრებით, გამოწვევები ასე გამოიყურება:
ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი:
„საქართველოს, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი და ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვს. ეს საკმაო საფრთხეს წარმოადგენს იმ მოგზაურებისთვის, რომლებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ კოვიდ-უსაფრთხოებას. მწვანე პასპორტები ტურისტებისთვის შედარებით უსაფრთხო ზონების შექმნას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, ინდუსტრიის წარმომადგენლების ცალკეული მცდელობები შეინარჩუნონ კოვიდ-უსაფრთხო გარემო, შეამცირებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს“.
მგრძნობიარე ბაზრები:
საქართველოსთვის საერთაშორისო ვიზიტორების მთავარი ბაზრები საკმაოდ დაუცველი აღმოჩნდა პანდემიისგან გამოწვეული კრიზისისადმი. ეს ისახება და მომავალშიც აისახება აღდგენის ტემპზე. მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს უფრო სტაბილურ ბაზრებში ინვესტირება და იმ განვითარებადი ბაზრების ხელშეწყობა, რომლებმაც პანდემიის დროს გამძლეობა გამოიჩინეს.
სამუშაო ძალის დეფიციტი:
პანდემიის შედეგად სამუშაო ძალა ტურიზმის ინდუსტრიიდან სხვა ინდუსტრიებში გადანაწილდა. ინდუსტრიის აღდგენის დაწყებიდან, სამუშაო ძალის დეფიციტი გამოწვევაა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის მოთამაშეებისთვის. თუ ეს დეფიციტი გაგრძელდა, რთული იქნება აღდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილება ხარისხისა დათმობისა და დამატებითი ხარჯების გაწევის გარეშე. სანამ ტურისტულ სერვისებზე მოთხოვნა გარკევულ სტაბილურ დონეს მიაღწევს, გართულდება კადრების ნდობის მოპოვება და მათი ინდუსტრიაში დაბრუნება. სტუმარ-მასპინძლობის, განათლების და კერძო სექტორებმა ერთობლივად უნდა იმუშაონ ინდუსტრიაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის განვითარებისათვის.




























