მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამუშაო შეხვედრა მოსამართლეებთან საარჩევნო საკითხებზე

სამუშაო შეხვედრა მოსამართლეებთან საარჩევნო საკითხებზე
22.07.24 12:08
265

საქართველოს უზენაესი, სააპელაციო, საქალაქო და რაიონული სასამართლოების ადმინისტრაციული საქმეების განმხილველ მოსამართლეებთან საარჩევნო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილმა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოს საპარლამენტო და საარჩევნო თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა, ლირი კოპაჩი-დი-მიკელემ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა რენატა ლევოვსკიმ გახსნეს.

კენჭისყრის პროცესში საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების პროცესის შესახებ შეხვედრის მონაწილეებს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ესაუბრა. მან მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ყველა იმ აქტივობაზე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების ადმინისტრირების მიზნით ახორციელებს. მათ შორის, საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ტექნოლოგიებზე მორგებული შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა, ადამიანური რესურსის გაძლიერება, ინფორმირების უპრეცედენტო კამპანია, ეტაპობრივად ჩატარებული 8 საპილოტე არჩევნები და მისი შედეგები, ელექტრონული არჩევნების სამართლებრივი მოწესრიგების საკითხები და ა.შ.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე და ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით ცესკოს მიერ მიღებულ აქტებზეც იმსჯელეს. ამ საკითხთან დაკავშირებით მონაწილეებს ინფორმაცია ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა მიაწოდა.

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე მოსამართლეებს საარჩევნო ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტის შედეგებთან დაკავშირებით ესაუბრა. საკუთარ პრეზენტაციაში მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „Pro V&V“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით ელექტრონული აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა, საერთაშორისო სტანდარტებთან, საქართველოს კანონმდებლობასთან და ტექნიკურ სპეციფიკაციებთან შესაბამისობაშია. ელექტრონული აპარატები მუშაობს გამართულად, უსაფრთხოდ და ზუსტად.

გაიმართა საარჩევნო ელექტრონული აპარატურის დემონსტრირებაც და მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში ენახათ მათი მუშაობა.

შეხვედრის ფარგლებში ევროპის საბჭოს ექსპერტმა დმიტრო ტრეტიაკოვმა მონაწილეებს საარჩევნო დავებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა გააცნო, მათ შორის საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების ჭრილში. ხოლო IFES-ის მთავარმა მრჩეველმა სამართლებრივ და მართლმსაჯულების საკითხებზე ტიფეინ რობლომ საარჩევნო დავებთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკა მიმოიხილა.

ორდღიან სამუშაო შეხვედრას, რომელიც ქ. ბათუმში 20-21 ივლისს გაიმართა, მოდერაციას უწევდნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოს, საპარლამენტო და საარჩევნო თანამშრომლობის განყოფილების პროექტის უფროსი ოფიცერი მაია ჯორჯიკია, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილე დავით ღონღაძე და ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი.

საარჩევნო დავები მნიშვნელოვან როლს ასრულებს არჩევნების მთლიანობაში, შესაბამისად მნიშვნელოვანია სასამართლო კორპუსისთვის საარჩევნო საკითხებთან და სიახლეებთან, ასევე მარეგულირებელ საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება. სწორედ ამიტომ, ამ ტიპის სამუშაო შეხვედრებმა ბოლო წლებში პერმანენტული ხასიათი მიიღო და ყველა არჩევნების წინ იმართება.

სამუშაო შეხვედრა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES) და ევროპის საბჭოს (CoE) მხარდაჭერით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობით განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები