მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა 50%-ით არის გაზრდილი” – დასაქმების პორტალი

5f85e28012b75
ანუკა ჯოხაძე
13.10.20 23:12
2122
“პანდემიამდე პერიოდიდან დღემდე სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა 50%-ით არის გაზრდილი”- ამის შესახებ BM.GE-ის დასაქმების პორტალ dasaqmeba.ge-ის დირექტორმა პაატა მამულაშვილმა განუცხადა. თუმცა, მამულაშვილი ამბობს, რომ ბევრი სამუშაოს მაძიებელი მაინც ვერ ახერხებს მუშაობის დაწყებას, რადგან დასაქმების მაძიებლებმა არ იციან როგორ მიმართონ კომპანიას, შეადგინონ CV და ა.შ.

dasaqmeba.ge-ის დირექტორის განმარტებითვე, გაიზარდა ვაკანსიების რაოდენობაც, კომპანიებმა უკვე აქტიურად დაიწყეს ახალი კადრების ძიების პროცესი.

“გარკვეული პერიოდი იყო ვაკანსიების რაოდენობის შემცირების ტენდენცია, თუმცა კომპანიებმა მალევე დაიწყეს აღდგენა და გამოჩნდნენ ახალი კომპანიებიც, რომლებმაც ახალი ვაკანსიები გააჩინეს. საბოლოო ჯამში დღეს იქამდე ვართ მისულები რომ ვაკანსიების რაოდენობა გაუთანაბრდა პანდემიამდე რეალობას. ვაკანსიებთან ერთად გაიზარდა სამუშაოებს მაძიებელთა რაოდენობაც, თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, ბევრმა სამუშაოს მაძიებელმა არ იცის როგორ უნდა გააკეთოს CV, როგორ უნდა მოძებნოს ვაკანსია. ხშირად გვაქვს ხოლმე შემთხვევები, როცა მიდიან გასაუბრებაზე და არ იციან თუნდაც როგორ უნდა ისაუბრონ კომპანიასთან, რა უნდა გააკეთონ", – განაცხადა dasaqmeba.ge-ის დირექტორმა პაატა მამულაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის ეკონომიკური კრიზისის შედეგად სამსახური 100 ათასამდე მოქალაქემ დაკარგა - ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში გამართული მოსმენის დროს გააკეთა.

დეპუტატ სერგი კაპანაძის კითვაზე პასუხისას კაკაურიძემ განაცხადა, რომ მთავრობის პროგნოზით, 2021 წელს, დაახლოებით, 20 ათასი ადამიანი საკუთარი შემოსავლის აღდგენას შეძლებს.

ამასთან, ოქტომბრის ბოლოს სრულდება ექვსთვიანი პროგრამაც, რომლითაც კორონავირუსის პანდემიის შედეგად უმუშევრად დარჩენილი ადამიანები ყოველთვიურად 200-ლარიან დახმარებას იღებდნენ. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, უკანასკნელი 5 თვის განმავლობაში ამ დახმარებით ერთხელ მაინც 161 905-მა ადამიანმა ისარგებლა, რაზეც 106 მილიონი ლარი დაიხარჯა. ყველა დიდი რაოდენობის კომპენსაცია ივნისსა და ივლისში გაიცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები