რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა და შეიარაღებული კონფლიქტი ქართულ ბიზნესს არაერთი გამოწვევის წინაშე აყენებს, ამ მხრივ ქათმის ხორცის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია "ჩირინაც" არაა გამონაკლისი.
როგორც კომპანიის დირექტორის მოადგილე, ქეთი ვაშაკიძე BMG-სთან ინტერვიუში ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ “ჩირინა” არც რუსულ და არც უკრაინულ ბაზარზე ექსპორტს არ ახორციელებდა, მიმდინარე კონფლიქტი მათ მაინც უქმნის პრობლემებს და ეს იმპორტის ნაწილს ეხება.
"ჩვენ პროდუქციის რეალიზებას ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ვახდენთ, ექსპორტს კი მხოლოდ აზერბაიჯანსა და სომხეთში ვახორციელებთ. ასევე კომპანიაში მუდმივად ვცდილობთ ადგილობრივი ნედლეულის ბაზარზე ვიყოთ დამოკიდებული, თუმცა არის ისეთი ნედლეული, რომელთა იმპორტი გვჭირდება. მაგალითად, უკრაინიდან მზესუმზირის ზეთი, მზესუმზირა და სოიო შემოგვაქვს, რაც მიმდინარე მოვლენების გამო შეუძლებელია. სამწუხაროდ, სწორედ ის ქალაქები იბომბება, საიდანაც შემოგვქონდა ეს ნედლეული,” - აღნიშნა ქეთი ვაშაკიძემ.
კითხვაზე მოახდენს თუ არა შექმნილი ვითარება კომპანიის საფასო პოლიტიკაზე გავლენას, "ჩირინას" დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ მიუხედავად ბევრი მცდელობისა და ძალისხმევისა, რომ ფასი შენარჩუნდეს, მაინც პროცესები რთულდება და შესაბამისად, ღირებულებაც იზრდება.
“ჩვენი ქვეყანა უნდა დაფიქრდეს თუ როგორ უნდა მოვახდინოთ ადგილობრივი ნედლეულის ბაზრის განვითარება და როგორ უნდა იყოს ქვეყანა საკუთარ ნედლეულზე დამოკიდებული, იმისათვის, რომ მსგავსი პრობლემები სამომავლოდ თავიდან ავირიდოთ. ეს არ ეხება ხორბალსა და სიმინდს, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე ვყიდულობთ. რაც შეეხება დანარჩენ პროდუქციას, იქნება ეს მზესუმზირის ზეთი, თუ სოიოს შროტი, ამ მიმართულებით გვაქვს მოლაპარაკებები ალტერნატიულ მომწოდებლებთან, მათ შორისაა არგენტინა და ბრაზილია,” - ამბობს ვაშაკიძე.
მისივე თქმით, ჯერჯერობით კომპანია “ჩირინას” აქვს მარაგები, მაგრამ სამომავლოდ ლოგისტიკური დანახარჯების ზრდაა მოსალოდნელი.