სამხრეთ კორეის ხელისუფლება ადასტურებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა გავრცელდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ბოლო 24 საათში დაავადებათა კონტროლის ცენტრმა COVID-19-ის 17 ახალი შემთხვევა აღრიცხა. ყველა მათგანი დიდ ოფისებსა და საწყობებში გამოვლინდა.
მთავრობა აცხადებს, რომ მართალია, ინფიცირებულთა რიცხვი მაღალი არ არის, თუმცა შესაძლოა, ქვეყანას მცირე ზომის კლასტერებთან გამკლავება რამდენიმე თვე მოუწიოს.
„ჩვენ თავდაპირველად ვვარაუდობდით, რომ მეორე ტალღა დაიწყებოდა შემოდგომაზე ან ზამთარში, მაგრამ ჩვენი პროგნოზები არ გამართლდა. მეორე ტალღა მაისში სეულიდან დაიწყო“, – განაცხადეს დაავადებათა კონტროლის ცენტრში.
სეულის მერმა აღნიშნა, რომ თუ ყოველდღიურად ახალი ინფიცირებულების რაოდენობა ქვეყანაში 30-ს გადააჭარბებს, მაშინ პრევენციული და უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება.
ამჟამად, სამხრეთ კორეაში 12,438 ინფიცირებულია აღრიცხული. 10,000-ზე მეტი გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა 280 პაციენტი.




























