მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამხრეთ კორეამ შობადობის დაბალი მაჩვენებლით კვლავ რეკორდი მოხსნა

63fc4871049d5
BM.GE
27.02.23 10:15
1043
სამხრეთ კორეამ მსოფლიოში შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით, მის მიერვე დამყარებული რეკორდი მოხსნა. Statistics Korea-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, რეპროდუქციული ცხოვრების განმავლობაში თითო სამხრეთკორეელ ქალზე ჩვილების მოსალოდნელი საშუალო რაოდენობა 2022 წელს 0,78-მდე დაეცა, მაშინ როდესაც წინა წელს 0.81-ს უტოლდებოდა.

შობადობის ეს მაჩვენებელი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალია, რომელთა საშუალო მაჩვენებელი 2020 წელს 1.59-ს უტოლდებოდა და ასევე გაცილებით დაბალია იმავე წელს აშშ-ისა და იაპონიის მონაცემზე, 1.64-სა და 1.33-ზე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სამხრეთ კორეის მასშტაბით, შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (0.59) დედაქალაქ სეულში დაფიქსირდა.

შობადობის მკვეთრი შემცირება კი სამხრეთ კორეის ეკონომიკაზე შესაძლო უარყოფითი გავლენიდან გამომდინარე, შეშფოთების მიზეზად იქცა. მოსახლეობის რაოდენობის კლებამ, შრომისუნარიანი მოსახლეობის კლებასთან, ხანდაზმულთა რაოდენობის ზრდასა და გადამხდელთა რიცხვის შემცირებასთან ერთად მსოფლიოს სიდიდით მეათე ეკონომიკა შესაძლოა სერიოზულად დააზიანოს. მთავრობამ გასული 16 წლის განმავლობაში, შობადობის მაჩვენებლის გასაზრდელად 280 ტრილიონი ვონი ($210 მილიარდი) დახარჯა, თუმცა ვითარება არ შეცვლილა.

სამხრეთ კორეის მოსახლეობა პირველად 2021 წელს შემცირდა, თითო სამხრეთკორეელ ქალზე ბავშვის მოსალოდნელმა საშუალო მაჩვენებელმა კი ერთ ბავშვამდე 2018 წელს იკლო. მიგრაციის გათვალისწინების გარეშე, სამხრეთ კორეის მოსახლეობის რაოდენობის არსებულ მაჩვენებელზე შესანარჩუნებლად, ერთ ქალზე შობადობის კოეფიციენტი 2.1-მდე უნდა გაიზარდოს. სამხრეთ კორეის მოსახლეობამ პიკს, 51.84 მილიონს, 2020 წელს მიაღწია, ხოლო 2021 წელს 51.74 მილიონამდე დაეცა. 2070 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობის შემცირებას 37.66 მილიონამდე ვარაუდობენ.

ახალგაზრდა სამხრეთკორეელები შვილის არყოლის მიზეზად რამდენიმე ძირითად მიზეზს ასახელებენ. მათი ნაწილის განცხადებით, ისინი წინა თაობისგან განსხვავებით, სულაც არ გრძნობენ ვალდებულებას, შექმნან ოჯახი, ნაწილი კი კვლავ გაბატონებულ პატრიარქალურ კულტურას უსვამს ხაზს, რაც ოჯახში ბავშვზე ზრუნვის მოვალეობას ძირითადად სწორედ ქალებს აკისრებს. სამხრეთკორეელების მიერ დასახელებულ მიზეზებს შორისაა გენდერული და სოციალური უთანასწორობა, ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული ხარჯები, სამუშაო ბაზარზე არსებული გაურკვევლობა და ა.შ.

ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად კი სამხრეთ კორეის მთავრობამ დეკემბერში რიგი ზომები მიიღო. მათ შორის ბავშვის გაჩენის წახალისებისა და სამუშაო ადგილზე ქალების დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად. გარდა ამისა, ქვეყანამ საცხოვრებელი ხარჯების შემცირებისა და მეტი სამუშაო ადგილის შექმნის პირობაც დადო.

Forbes.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები