ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ხელმძღვანელის, გიორგი ჯახუტაშვილის განცხადებით, შოვის კურორტის განვითარება ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან შეუთანხმებლობის გამო მესამე წელია ვერ ხორციელდება.
როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში ჯახუტაშვილმა განაცხადა, კერძო სექტორის მხრიდან ყველა ტიპის კვლევასა და გენგეგმაზე მუშაობა დასრულებულია თუმცა პროცესის დაწყებას ადგილობრივი ხელისუფლება აფერხებს.
„შოვთან მიმართებით უნდა ვაღიაროთ, რომ არ გვაქვს პროგრესი. რაც კერძო სექტორს უნდა გაეკეთებინა გავაკეთეთ, დავაფინანსეთ ყველანაირი კვლევა და ყველანაირი გეგმა გვაქვს,რომ გადავიდეთ მომდევნო ეტაპზე კონკრეტულ ფუნქციების პროექტირებასა და ამ პროექტირებისთვის ბიუჯეტის შემუშავებაზე, თუმცა სამწუხაროდ 2019-ში დაწყებული პროცესი 2022 წლის ბოლოს დაუსრულებელი და შეუთანხმებელია, რაც უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის პრეროგატივაა. 2021 წელს განახლდა გენგეგმის შეთანხმება, გადაეცა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და მეორე წელია ეს პროცესი დაუსრულებელია. აქ ვერ დავადანაშაულებ მხოლოდ ცენტრალურ ხელისუფლებას, ყველას თავისი როლი აქვს.
ვეცადეთ ადგილობრივ მოსახლეობასთან, მუნიციპალიტეტთან მიგვეტანა საკმარისი ინფორმაცია, თუ რა სიკეთეს მოიტანდა ამ პროექტის განხორციელება, თუმცა სანამ არ იქნება საკანონმდებლო ჩარჩო, რაც დააზღვევს ამ კურორტს ქაოტური განაშენიანებისგან მანამდე აღარ ვაპირებთ არანაირი ნაბიჯის გადადგმას, ეს არის უკვე პრინციპული პოზიცია, ვინაიდან ადგილზე როცა მიწასთან სამუშაოებს დაიწყებ უკვე უკან დასახევი გზა აღარ გაქვს და სანამ ძალიან ბევრი თანხაც არ დაგვიხარჯავს, მანამდე გვინდა სავაჭრო პოზიციაში ვიყოთ ნებისმიერ მხარესთან. გინდა განვითარება, მაშინ გადადგი ნაბიჯი, რომ დავინახო, რომ მომავალშიც ხელს შემიწყობ განვითარებაში,“ - განაცხადა ჯახუტაშვილმა.
ინფორმაციისთვის, გეტყვით, რომ უძრავი ქონების განვითარების კომპანია "სიმეტრია" რაჭაში, შოვის კურორტის განვითარებაზე 2019 წელს განაცხადა. კომპანიამ 3 წლის წინ თებერვალში გააფორმა თანამშრომლობის ხელშეკრულება ყაზახურ ბიზნეს ჯგუფთან, რომელიც კურორტის ტერიტორიის 60%-ს ფლობს. "სიმეტრიას" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილი მაშინ bm.ge-თან საუბარში განმარტავდა, რომ კურორტი შოვის განვითარებისთვის სამომავლოდ 60 მილიონამდე ინვესტიციის მოზიდვა იყო გათვალისწინებული. კურორტის განვითარებით კი რეგიონში ყოველწლიურად 56 ათასამდე საშუალო და მაღალშემოსავლიანი დამსვენებლების აყვანა იქნება შესაძლებელი.