მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დიდი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს" - რა მოცულობის ყაზახური ნავთობი გადამისამართდება საქართველოს დერეფანში?

ყაზახური ნავთობი

დიდი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ „შუა დერეფანი“ ყაზახური ნავთობისთვის რისკების დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი გზა გახდება - ყაზახეთიდან „შუა დერეფანში“ ტვირთების მოზიდვაზე ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი ჯახუტაშვილმა „საქმის კურსში“ სტუმრობისას ისაუბრა.

გიორგი ჯახუტაშვილი ამბობს, რომ ყაზახეთს სურს, ნავთობის ნაწილი საქართველოს გავლით გაიტანოს მსოფლიო ბაზარზე, თუმცა ტექნიკურად ამ მიმართულებაზე ყაზახეთიდან ნავთობის მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 10% შეიძლება მიემართოს.

„ინიციატივას, რომელიც ყაზახეთის პრეზიდენტმა გააჟღერა გასულ წლებში და რომელიც ცხადია მომდინარეობდა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შედეგად პოლიტიკის გააქტიურებით, რა თქმა უნდა, აქვს დადებით ეფექტები ამ კორიდორსა და საქართველოზე. დაწყებულია და გრძელდება მოლაპარაკებები სხვადასხვა ტვირთის მოზიდვაზე. სრულად დატვირთულია ბათუმის მიმართულება და დღეისათვის ბათუმის პორტის გავლით 1.5 მლნ ტონა ყაზახური ნავთობი გაედინება. საუბარია ასევე ბაქო-სუფსის მილსადენით დაახლოებით 1.5 მლნ ტონის გატარებასა და ბაქო- თბილისი - ჯეიჰანის მილსადენით ხდება ყაზახური ნავთობის გადატვირთვა. აქაც დაახლოებით, 1.5 მლნ ტონაზე ვსაუბრობთ. ჩემი ინფორმაციით, ეს არის „შუა დერეფნით“ ყაზახური ნავთობის გადაზიდვის ლიმიტი და ეს არ არის საქართველოს ან აზერბაიჯანის ბრალი. ეს არის თავად ყაზახეთის, მისი კუთვნილი აქთაუს პორტის გამტარუნარიანობის პრობლემა. ნავთობთან დაკავშირებით დიდი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ შუა დერეფანი გახდება ყაზახეთისთვის რისკების მნიშვნელოვანი დივერსიფიკატორი, რადგანაც ეს არის სულ 10% ყაზახური ნავთობის ექსპორტისა. ყაზახეთი დღეს დამოკიდებულია რუსეთის დერეფანზე, თუმცა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი და ტენდენციებიც აქეთ მიდის“, - ამბობს გიორგი ჯახუტაშვილი.

მისი თქმით, საქართველოს, ყაზახეთის და აზერბაიჯანის მთავრობები განიხილავენ სხვადასხვა ტვირთის გადამისამართებას და გამტარუნარიანობის ზრდისთვის სხვადასხვა პროექტებს, რისი საჭიროებაც დგას. გიორგი ჯახუტაშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ყაზახეთიდან საქართველოს პორტებში მოვიზიდოთ ის ტვირთიც, რაც დღეს ამ მარშრუტზე არ მოძრაობს, მათ შორის, ნედლეულის ნაწილი და ხორბალი.

აღსანიშნავია, რომ წელს გაიზარდა შუა აზიური (ყაზახეთი-თურქმენეთი) ნავთობის წილი ბაქო-თბილისი - ჯეიჰანის მილსადენში. BMG-ის აზერბაიჯანის ბიუროს ინფორმაციით, იანვარ-ივნისში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ჯამში 14 მილიონ 468 ათასი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება მოხდა.

6 თვეში მილსადენით ტრანსპორტირებული აზერბაიჯანული ნავთობის მოცულობა წლიურად 6.3%-ით შემცირდა, ხოლო თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან ტრანზიტული ნავთობის მოცულობა 9.75%-ით გაიზარდა. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ტრანსპორტირებული ნავთობის 81.4%-ს ანუ 11 მილიონ 773 ათასი ტონა ნავთობი აზერბაიჯანში იყო წარმოებული, 18.6% ანუ 2 მილიონ 694 ათასი ტონა კი თურქმენული და ყაზახური ნავთობი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები