„ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ საქართველო ყაზახეთის ხორბლის ექსპორტის სტაბილურ კორიდორად გადაიქცეს“, - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილმა განაცხადა.
- დღეს საქართველოს გავლით ყაზახური ხორბალი არ გაედინება ისევ და ისევ ლოგისტიკური პრობლემების და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო. ამას დავამატებდი ყაზახური ხორბლის მწარმოებელთა სექტორის მოუმზადებლობას როგორც სტრატეგიული ხედვის ნაწილში, ასევე შესაბამისი ინსტრუმენტებით - როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურული. ამჟამად, ჩვენ გარკვეულ კვლევებს ვატარებთ, რომელშიც ყაზახი მწარმოებლებიც გვყავს ჩართული და გვსურს ეს ინიციატივა უფრო ყაზახეთში ავწიოთ, რომ თავისი პროდუქტის ექსპორტის დივერსიფიკაციის გადაჭრის მედროშე თავად ყაზახეთის მთავრობა იყოს...
- და არც საქართველო იტყოდა უარს ხორბლის იმპორტის დივერსიფიკაციაზე - ჩვენი რუსეთზე დამოკიდებულება ძალიან მაღალია...
- დიახ, ამაზე მსურს ყურადღება გავამახვილო... გარდა იმისა, რომ ყაზახური ხორბლის ჩვენს დერეფანში გატარება ნიშნავს დამატებით ტვირთს, ასევე, შესაძლებელი გახდება, ჩვენი ქვეყნის სურსათის უსაფრთხოების ამოცანის გადაჭრა, რადგან როგორც ვიცით, საქართველო რუსულ ხორბალზეა დამოკიდებული. ამდენად, თუ ყაზახური ხორბალი გაივლის საქართველოში და ქართული პორტები გახდებიან ყაზახური ხორბლის ვაჭრობის წერტილი, მაშინ გარანტირებულად შემიძლია ვთქვა, რომ ყაზახური ხორბალი უკვე კონკურენტუნარიანი იქნება რუსულ ხორბალთან შედარებით და ის მოცულობა, რომელიც წლიურად საქართველოს სჭირდება - დაახლოებით, 600-700 ათასი ტონა, შეიძლება გადაჭრილ ამოცანად შეიძლება ჩაითვალოს.
- კვლევების ან სხვა მიმართულებით, საქართველოს მთავრობას შეუძლია რაიმეში დაგეხმაროთ და თუ - კი, რა კუთხით?
- ჯერჯერობით, ეს ვერ იქნება სახელმწიფოს ამოცანა; ამ შემთხვევაში საქართველოს როლი მინიმალურია. ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების წევრებს და მეც მათ შორის, ხორბლის ექსპორტ-იმპორტის მიმართულებით დიდი გამოცდილება გვაქვს და ვმუშაობთ იმ კუთხით, რომ მაგალითად, „აბრეშუმის გზის“ მომავალი ფორუმისთვის ეს ინიციატივა უკვე სრულად იყოს მზად ყველა მოთხოვნით ორვე მხარესთან - რა გვინდა საქართველოს მთავრობისგან, რა გვინდა ყაზახეთის მთავრობისგან, ყაზახური ხორბლის მწარმოებლებისგან და ა.შ.