ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარის გიორგი ჯახუტაშვილის განცხადებით, რაჭაში, შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ყაზახი ინვესტორები კურორტის განვითარების ინიციატივით გამოსვლას თავად არ აპირებენ. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში“ განაცხადა და იქვე დასძინა, რომ შოვის კურორტის მომავალზე გადაწყვეტილება სახელმწიფომ უნდა მიიღოს.
საქმე ის არის, რომ უძრავი ქონების განვითარების კომპანია, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილია, ყაზახური ინვესტიციებით შოვის კურორტის განვითარებაში $140 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავდა, მაგრამ ზაფხულში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, საინვესტიციო პროექტის ბედი ბუნდოვანია.
„ცხადია, ახლა გაურკვევლობაა. პირველ რიგში, დამოკიდებული ვართ ექსპერტების საბოლოო დასკვნაზე - ზოგადად, რამდენად უსაფრთხოდ ჩაითვლება შოვის კურორტი, ან როგორ შეიძლება მომავალში მსგავსი რისკები დაიზღვეს და რა სამუშაოების ჩატარებაა ამისთვის შესაძლებელი;
მერე უკვე ჯერი სახელმწიფოზეა, რადგან ჩვენ ამ კურორტის განვითარების ინიციატივას ვერ გავაჟღერებთ, სანამ ხელისუფლება არ იტყვის, რომ კურორტი ან განვავითაროთ ან - არა;
შემდეგი ფაქტორი კი არის ინვესტორების მზაობა, განავითარონ კურორტი. მე პირადად, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ძალიან მინდა, შოვი განვითარდეს და ამ კურორტზე დახარჯული დრო და მეცადინეობა უკვალოდ არ გაქრეს. რა თქმა უნდა, იმ ცოდნას და კვლევებს, რაც 2016 წლიდან მოყოლებული დავაგროვეთ, როდესაც შოვის განვითარების გეგმას ვამუშავებდით, სხვაგან გამოვიყენებთ, თუმცა ინვესტორების დარწმუნება, რომ ვისაც არანაირი ემოციური ბმა ადგილთან არ აქვს და უბრალოდ, ინვესტიციებზე უკუგებას უყურებს, ძნელი იქნება; ალბათ ყველაფერს დრო გვაჩვენებს“, - განაცხადა გიორგი ჯახუტაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, კურორტის განვითარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა კვლევაზე ინვესტორმა, ჯამში, 2 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.
„ჩვენ ერთიანი საკურორტო კომპლექსის განვითარების სურვილი გვქონდა, რაც საქართველოში, ფაქტობრივად, არ არის. საკურორტო კომპლექს „ლოპოტას“ განვითარება სულ ორი ნომრით დაიწყო, ამიტომ ჩვენ გვინდოდა, თავიდანვე ერთიანი გეგმით განგვევითარებინა შოვი და ამისთვის საკმაოდ სოლიდური თანხები, დაახლოებით, 2 მილიონ ლარზე მეტი დავხარჯეთ კვლევებში, გენერალური გეგმის შემუშავებაში, როგორც ქართველი, ისე ავსტრიელი მასტერპლანერების ბაზაზე, რადგან მათ კარგად იციან მთის კურორტები; სწორედ ავსტრიელების მიერ შემუშავებულ გეგმაში იყო საუბარი გარკვეულ რისკებზე, მათ შორის ბუბას მდინარეზე, თუმცა ჩვენთვის ინვესტიციების განხორციელების წინაპირობა ყოველთვის იყო შოვის განვითარების გენგეგმის დამტკიცება და შემდეგ უკვე შეთანხმების მიღწევა სახელმწიფოსთან, რათა მათ უზრუნველეყოთ გარკვეული ნაპირსამაგრი სამუშაოები და კომუნიკაციების მიყვანა ტერიტორიაზე, ჩვენ კი ინვესტიციებს განვახორციელებდით. აქამდე მისული ვიყავით“, - დასძინა გიორგი ჯახუტაშვილმა.
შოვის განაშენიანების გენგეგმა 2022 წლის ბოლოს დამტკიცდა. ყაზახი ინვესტორები კურორტის განვითარებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებას 2024 წლიდან აპირებდნენ.