მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანდრო ჭუმბურიძე: ვაზილ ჰუდაკს თამაშის წესებში პრემიერი და მთელი მთავრობა უნდა აჰყვეს

609535c6771d0
ვიქტორია მღებრიშვილი
07.05.21 17:36
1108
საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ხელმძღვანელი სანდრო ჭუმბურიძე უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხებში საქართველოს პრემიერის მრჩევლად ვაზილ ჰუდაკის დანიშვნას აფასებს და აცხადებს, რომ ამ კანდიდატურის აღნიშნულ პოსტზე დანიშვნა იმის გარანტია, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში მდგომაროება შეიცვლება.

გადაცემა „ანალიტიკაში“ EUGBC-ის ხელმძღვანელმა რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცვლილებებისთვის მნიშვნელოვანია, რომ გამოცდილ, საერთაშორისო დონის მრჩეველს საქართველოს მინისტრთა კაბინეტი თამაშის წესებში აჰყვეს და მისი რჩევები გაითვალისწინოს.

„ეს საკმაოდ აპრობირებული და ცნობილი საერთაშორისო პრაქტიკაა, როდესაც მთავრობას უცხოელი მრჩეველი ჰყავს. ვფიქრობ, რაც უფრო მეტი გამოცდილი მრჩეველი იქნება ჩვენი ქვეყნის მთავრობის შემადგენლობაში, მით უფრო დადებითი შედეგის მომტანი იქნება ეს, რა თქმა უნდა, თუ თამაშის წესებში ავყვებით.

ვაზილ ჰუდაკი საკმაოდ გამოცდილი, მნიშვნელოვანი ბიოგრაფიის მქონე ადამიანია და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტობა იმის გარანტია, რომ მას მაღალი დონის კონტაქტები აქვს; ასევე ჩართულია ევროკავშირის პროგრამებში, რაც ჩვენი ქვეყნისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია.

აქ ერთი მომენტია, რამდენად აყვება მთავრობის ეკონომიკური გუნდი თამაშის წესებში ვაზილ ჰუდაკს. ერთია რჩევა, თუმცა შემდგომში ეს რჩევა უნდა დამუშავდეს, განიხილოს ეკონომიკური გუნდის ყველა მინისტრთან და ერთობლივი ძალისხმევით უნდა განხორციელდეს. თუ არ იქნება პოზიტიური დამოკიდებულება და გუნდური თანამშრომლობის პრინციპი უცხოელ მრჩეველთან, მარტო ბატონი ჰუდაკის რჩევები არ იქნება საკმარისი. მე მაინც იმედის თვალით ვუყურებ, რომ ამის შესაძლებლობა გვაქვს“, - განაცხადა სანდრო ჭუმბურიძემ.

EUGBC-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ვაზილ ჰუდაკის როლი ამ შემთხვევაში მისთვის აღქმულია, როგორც ევროკომისიის პროგრამებში საქართველოს ჩართულობის გააქტიურებით, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის საქართველოს წარდგენით. სანდრო ჭუმბურიძის შეფასებით, ეს საკმაოდ მოცულობითი სამუშაოა და შედეგი 1-2 თვეში ვერ დადგება.

„განცხადებების დროს აქცენტი ევროკავშირთან და ევროკომისიასთან თანამშრომლობის იმ მიმართულებებზე გაკეთდა, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია - ესენია ციფრული და მწვანე ეკონომიკა. მე მაინც მგონია, რომ ეს კომპონენტი, რომელიც ევროკავშირისკენ არის მიმართული, პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვისთვისაც ერთგვარ გარანტიას და მხარდაჭერას ქმნის. თუ ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმართულებით პროგრამულად ჩართულები ვიქნებით, შესაძლებელია, ინტერესი პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით ერთგვარად გაიზარდოს და ვაზილ ჰუდაკის ფუნქციაც ასე მესახება. საჭიროა, არამარტო ვეროკომისიასთან პროგრამული მიმართულებით თანამშრომლობა, არამედ ერთგვარი ლობიზმი და ჩვენი ქვეყნის წარდგენა საინვესტიციო კლიმატის ევროპელ პარტნიორებთან. ეს საკმაოდ მოცულობითი სამუშაოა და ერთ-ორ თვეში არ შეიძლება რაიმე განსაკუთრებული გამოიკვეთოს.

ვაზილ ჰუდაკს პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული, მისი მოადგილეებით და მინისტრებით - მთელი გუნდი უნდა აჰყვეს. თუ ჩვენ ვიწვევთ პირდაპირი რჩევისა და თანამშრომლობისთვის, მაშინ მისი რჩევები უნდა გავითვალისწინოთ, რაც ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობას გაზრდის... ვერ ვიტყვი, რომ თუნდაც 2 თვეში ინვესტიციები გაორმაგდება, ნამდვილად ვერ იქნება ასე, რადგან პანდემიის პერიოდში ყველა ქვეყანა კონკურენციასა და შეჯიბრებითობაშია თუ როგორ მოიზიდონ ინვესტიციები“, - განაცხადა საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები