18 და 19 თებერვალს NBA-ის "ყველა ვარსკვლავის'' უქმეები ჩატარდება, სადაც კალათბურთელები 3-ქულიანების, ჩატენვებისა და ტალანტების კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას. ქართველების ყურადღება კი NBA G ლიგის Next Up Game-მა მიიპყრო, რომელშიც მონაწილეობას G ლიგის ყველაზე ძლიერი და ნიჭიერი კალათბურთელები იღებენ.
საქმე ისაა, რომ G ლიგის ,,ყველა ვარსკვლავის'' მატჩში სანდრო მამუკელაშვილი იასპარეზებს. სანდრო პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელიც ALL STAR-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს.
Next Up Game შარშან NBA-ის საიუბილეო 75 წლისთავს მიეძღვნა. სანდრო მამუკელაშვილი NBA G ლიგაში ვისკონსინ ჰერდის ღირსებას იცავს. ცნობისთვის, მთავარი გუნდის "მილუოკი ბაქსის'' ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც NBA-ში დიდი დრო არ აქვთ, ძირითადად ამ კლუბში თამაშობენ. შესაბამისად, მამუკელაშვილსაც ვისკონსინში ანათხოვრებენ ხოლმე, სადაც სანდრო ძალიან მაგარ შედეგებს აჩვენებს და სწორედ ამიტომ მოხვდა NBA G ლიგის საუკეთესო მოთამაშეების მატჩში.
შეგახსენებთ, სანდრო მამუკელაშვილის წლიური ანაზღაურება "მილოუკი ბაქსში'' დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარია.