სანქციები საკვანძო კომპონენტია იმისთვის, რომ რუსეთის ომი უკრაინაში შეწყდეს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა BMG-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
კითხვა შეეხებოდა რუსეთ-უკრაინის ომს, რამაც ეკონომიკაში ახალი რეალობა შემოიტანა – სანქციების რეალობა.
კითხვაზე, თუ არსებობს თუ არა რაიმე ტიპის რეცეპტი, როგორ შეუძლია საქართველომ თავი აარიდოს ეჭვებს იმის შესახებ, რომ საქართველო არ იქნას გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის და როგორ ეხმარება ამერიკა საქართველოს ამ ნაწილში?
„აქ შემოდის ის გრძელვადიანი თანამშრომლობა და პარტნიორობა, რაც ამერიკას საქართველოსთან აკავშირებს. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს საბაჟოსთან, საქართველოს შემოსავლების სამსახურთან, სასაზღვრო ძალებთან – სახელმწიფო სააგენტოების უმრავლესობასთან – უკვე წლების განმავლობაში ტრენინგების, თანამედროვე აღჭურვილობის უზრუნველყოფის გზით, რომ დავეხმაროთ საქართველოს იცოდეს, რა შემოდის და გადის მის საზღვარზე. ეს საქართველოს უსაფრთხოებისთვის გადადგმული ნაბიჯია. დღეს ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო დიდი მასშტაბის მქონე გამოწვევა – შევაჩეროთ რუსეთის ომის მანქანა, რომელზეც დამოკიდებულია ის, თუ როგორ გაგრძელდება ეს ომი. სანქციები საკვანძო კომპონენტია იმისთვის, რომ რუსეთის ომი უკრაინაში შეწყდეს. ხელი შევუშალოთ რუსეთს, რომ შეივსოს თავისი სამხედრო მარაგები – ჩვენ ვხედავთ რა მიზნებისთვის იყენებენ ისინი საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებს – მობილურებს, სარეცხ მანქანებს იმისთვის, რომ მიიღონ ის კომპონენტები სანქციებისთვის თავის არიდების გზით, რაც სჭირდებათ ჭურვების დასამზადებლად, რომლებსაც შემდეგ რუსეთი სკოლების, ბაღების, საცხოვრებელი სახლების დასაბომბად იყენებს. ამდენად ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ აქ ადამიანების სიცოცხლეებზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა ელჩმა.
კელი დეგნანი აქვე მადლიერებას გამოხატავს იმ მჭიდრო თანამშრომლობის, რაც საქართველოს მთავრობასთან ამ მიმართულებით არსებობს. მისი თქმით, მათაც[საქართველოს მთავრობას] ესმის, რა დევს სასწორის პინაზე - უკრაინელების სიცოცხლე.
„საფრთხე, რასთან ერთადაც თქვენ სულ გიწევთ ცხოვრება – რაც თქვენ გამოიარეთ 2008 წელს და მანამდეც – რუსეთის შემოჭრით თქვენს ქვეყანაში, როცა რუსეთი შეეცადა წაეღო თქვენი სუვერენიტეტი, თქვენი იდენტობა. ამდენად, ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებას – მათ, ვისთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, ესმით, რომ საქართველო არ უნდა გახდეს იმ პროცესის ნაწილი, რაც რუსეთს მისცემს შესაძლებლობას, გააგრძელოს ეს ომი უკრაინასთან. თუმცა, როგორც აღნიშნეთ, ეს საკმაოდ რთული და კომპლექსური თემაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო მჭიდრო კოორდინაცია, უკეთესი კომუნიკაცია – იმისთვის, რომ მკაფიო სურათი დავინახოთ რეგიონის დონეზე, რა ივაჭრება საზღვრებზე და როგორ არიდებს თავს რუსეთი ექსპორტის კონტროლს და სანქციებს. ვფიქრობ, ეს მჭიდრო კოორდინაცია გაგრძელდება – გასულ კვირას ბათუმში გვქონდა აღჭურვილობის დონაცია საბაჟოსთვის; ახლახან ჩავუშვით საზღვაო კუთხით ერთი ფანჯრის პრინციპის პროექტი – ეს გააუმჯობესებს საქართველოს პორტების ოპერატორების ინფორმირებას იმასთან დაკავშირებით, რა შემოდის და გადის ზღვის გავლით და უფრო გაადვილდება კონტეინერების კვალის მიყოლა. ეს ყველაფერი ნამდვილი პროგრესია“, - თქვა ელჩმა.