მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქცირებული ავტომობილების რუსეთში ექსპორტის რამდენი შემთხვევა აღკვეთა საქართველომ - სტატისტიკა

64b80d6c350d3
შოთა ტყეშელაშვილი
19.07.23 19:45
2551

რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების ნაწილი მსუბუქი ავტომობილების გარკვეული კატეგორიის ექსპორტს კრძალავს. ევროკავშირის გადაწყვეტილებით აკრძალულია ძვირადღირებული ავტომობილების რუსეთში ექსპორტი. კერძოდ კი საექსპორტო ღირებულების ზღვარი 50,000 ევროდან იწყება. აკრძალვა თავად ევროკომისიის ტექსტის შესაბამისად, “ძვირადღირებულ” (Luxury) ავტომობილებზე ვრცელდებოდა. ასევე აკრძალულია 5,000 ევროზე ძვირადღირებული მოტოციკლების რუსეთში ექსპორტი.

სანქციების მეთერთმეტე პაკეტით ეს შეზღუდვა კიდევ უფრო მეტად გამკაცრდა, რადგანაც აიკრძალა ევროკავშირიდან 1.9 ლიტრზე დიდი მოცულობის ძრავის მქონე ახალი და მეორადი ავტომობილების რუსეთში გაყვანა. ასევე სრულად აიკრძალა EU-დან რუსეთში ელექტრომობილების და ჰიბრიდული ავტომობილების გაყვანა.

BMG-იმ მოქმედი სანქციების აღსრულების შედეგებთან დაკავშირებით კითხვით შემოსავლების სამსახურს მიმართა, უწყების განმარტებით, სანქციების მეთერთმეტე პაკეტი EU-ს ოფიციალურ საკანონმდებლო მაცნეზე ჯერ არ გამოქვეყნებულა, ხოლო სანქციების წინა პაკეტის ფარგლებში მოქმედი რეგულაციის ფარგლებში კი მათ სანქციებისგან თავის არიდების 217 შემთხვევა აღკვეთეს.

“რეგულაციის 3h მუხლის თანახმად აკრძალულია ავტომობილების პირდაპირ ან ირიბად რუსეთის ფედერაციაში გაყიდვა, გადაცემა, მიწოდება ან ექსპორტი ნებისმიერ იურიდიულ თუ ფიზიკური პირისთვის თუ ავტომობილის ღირებულება აღემატება 50 000 ევროს ან მოტოციკლეტის თუ მისი ღირებულება აღემატება 5000 ევროს.

რაც შეეხება, მე-11 პაკეტით განსაზღვრულ ცვლილებას, რომელშიც მოცემულია 1,900 კუბურ სანტიმეტრზე დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილების რუსეთის ფედერაციაში შეყვანის შეზღუდვა გარკვეული გამონაკლისების გათვალისწინებით, ევროსაბჭოს ოფიციალურ საიტზე EU No 833/2014 კონსოლიდირებულ ვერსიაში ამ დრომდე არ არის ასახული. ამასთან, ცვლილება არ შეეხება ყიდვა-გაყიდვას იმ ავტომობილებისა, რომლებზეც არსებობს 25 ივნისამდე გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის აღსრულებაც 25 სექტემბრამდე განხორციელდება.

სანქციების დაწესების დღიდან 50 000 ევროზე მეტი ღირებულების ავტომობილის, მოტოციკლის უკან გაბრუნების 217 შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც დაემატება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უკან გაბრუნებული, თავისი სვლით გადაადგილებული, ძვირადღირებული მსუბუქი ავტომობილების, მოტოციკლების შემთხვევები,”- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის პასუხში.

პარალელურად, საქართველოდან ავტოექსპორტი რეკორდული ტემპებით იზრდება. 2023 წლის პირველ ნახევარში ქვეყნიდან 990 მილიონი დოლარის, 51 ათასი ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა. მათ შორის უშუალოდ რუსეთში 53 მილიონი დოლარის ღირებულების 3.800 მანქანა გავიდა ექსპორტზე. რუსეთში გასული მანქანების საშუალო ფასი წელს 14 ათას დოლარს შეადგენდა.

ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ავტოექსპორტში წელს #1 ადგილი დაიკავა ყირგიზეთმა სადაც ავტოექსპორტი 1,673%-ით გაიზარდა და მან 236 მილიონ დოლარს მიაღწია. ამასთან, თუკი 2022 წელს ყირგიზეთში ექსპორტირებული ავტომობილების საშუალო ფასი 6 ათასი დოლარი იყო, წელს ეს თანხა 40 ათას დოლარამდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები