სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში ვეღარ გამოიყენება, თუმცა კონტაქტური თუ უკონტაქტო გადახდები ამ ბარათებით რუსეთის მთელ ტერიტორიაზე ხელმისაწვდომია. ინფორმაციას რუსეთის ცენტრალური ბანკი ავრცელებს.
მარეგულირებლის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში განმარტებულია, რომ ყველა ბანკის კლიენტების თანხები ბარათებთან დაკავშირებულ ანგარიშებზე ინახება და მომხმარებლისთვის ნებისმიერ დროსაა ხელმისაწვდომი.
„ბარათები, რომელიც დასავლეთის მიერ სანქცირებული ბანკების მიერაა გამოშვებული, რუსეთის მთელ ტერიტორიაზე შეზღუდვების გარეშე აქტიურია და აქტიური იქნება. მომხმარებლის ანგარიშზე არსებული რესურსები ბარათებზეა მიბმული და სრულად დაცული და ხელმისაწვდომია. ამასთან, სანქცირებული ბანკების - VTB Group, სოვკომბანკი, ნოვიკომბანკი, პრომსვიაზბანკი და ოტკრიტია - მომხმარებელი ამ ბარათებით საზღვარგარეთ ანგარიშსწორებას ვერ შეძლებს და სანქციების მომხრე ქვეყნებში დარეგისტრირებული ონლაინ-მაღაზიების მომსახურებას ამ ბარათებით ვერ მიიღებს“, - ნათქვამია რუსეთის ცენტრალური ბანკის პრესრელიზში.