პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, დასავლური სანქციები შეურაცხმყოფელია საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის - ამის შესახებ კობახიძემ ბერლინში მედიასთან, ევროპის სამიტის შედეგად მოსალოდნელ სანქციებზე კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
“სანქციები არის არასერიოზული და, ამასთან ერთად, შეურაცხმყოფელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. ეს არ შეესატყვისება პარტნიორობის სულისკვეთებას, აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, ეს ყველაფერი გადაიხედება. ჩვენს ინტერესებშია, რომ მაქსიმალურად გაღრმავდეს ურთიერთობები აშშ-სთან, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შემხვედრი ნაბიჯებიც ვიხილოთ ამ მიმართულებით, როგორც ამერიკელი პარტნიორებისგან, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლებისგან. ეს იქნებოდა სწორი დამოკიდებულება ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს მიმართ. ყველას მოვუწოდებ, პრაგმატული ნაბიჯების გადადგმისკენ და სწორი, სამართლიანი დამოკიდებულების გამოვლენისკენ, ჩვენი ხალხის მიმართ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სანქციების პირველი პაკეტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე გამოსცა. მათი ინფორმაციით, 6 ივნისს სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ "ქართული ოცნების", ასევე პარლამენტის წევრებს, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს და სხვა პირებს.
ამასთან, 27-28 ივნისს ბრიუსელში ევროპული სამიტი გაიმართება. მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყანა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით იმსჯელებს.